თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. 2 ნოემბერს თბილისში მე-20 საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა, რომელიც დღეს დაიხურება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალის ფარგლებში 5 ნოემბრის ჩათვლით, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს, თბილისის საკონცერტო დარბაზმა უმასპინძლა.
ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებდა ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასებს ქართველი სტუდენტებისთვის.
თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს, თავის ტრიოსთან ერთად კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ბასისტ ედი გომესთან ერთად დაუკრავს.
ამავე დღეს გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა (STANLEY CLARKE), და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია.
დასკვნითი კონცერტის დაწყებამდე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ირაკლი ჩიქოვანის ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით "ჯაზ-ექსპერიმენტი".
ფესტივალი 2 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.