თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამედროვე ხელოვნების მე-10 საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმ 2017-ს" მასპინძლობს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„არტისტერიუმი" თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს მოიცავს.
ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი", ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.
„არტისტერიუმი 2017" ვიზუალური ხელოვნების, რეწვის (craft) და დიზაინის დიალოგს, მათ შორის კავშირებს, ერთმანეთში ტრანსფორმირების და ამ ფონზე ახალი შინაარსის ძიებას ეძღვნება. გამოფენის სათაური "No 10" ასახავს საგნების, მასალების და ტექსტების ნუმერაციის პრაქტიკას, რომელიც, პროექტის თემატური და იდეოლოგიური დატვირთვის მიღმა, თავისუფალი თვითგამოხატვის პლატფორმადაც შეიძლება გამოვიყენოთ, ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენა დღეს გაიხსნა და 14 ნოემბრამდე გასტანს.