ინდიელები და სვანები ერთ გამოფენაზე: მესტიაში ისტორიულ ფოტოებს გამოფენენ

© FB / Georgian National Museumსვანეთის ეთნოგრაფიის მუზეუმი
სვანეთის ეთნოგრაფიის მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე წარმოადგენენ ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელებისა და XX საუკუნის 30-იანი წლების ზემო სვანეთის სოფლების ცხოვრების ამსახველ ფოტოებს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში 2 ნოემბერს გაიხსნება ედუარდ კურტისისა და ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვას ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „მიწიერი და საკრალური სამყარო".

ექსპოზიცია 2018 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

„გამოფენაზე წარმოდგენილი ედუარდ კურტისის ფოტოები ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების 100 წლის წინანდელი ყოფა-ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. დინა კოჟევნიკოვას ფოტოები კი ზემო სვანეთის სოფლების ცხოვრებას ასახავს XX საუკუნის 30-იან წლებში. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს და შეადაროს ამ ორი უძველესი კულტურის მქონე ხალხის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა", — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

დავით კოვზირიძის მიერ გადღებული ფოტო ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში - Sputnik საქართველო
ქართველი ფოტოგრაფი ამერიკაში და ბრონქსელი „ნიგერიტო“ მის ობიექტივში

ედუარდ შერიფ კურტისის (1868-1952) მიერ შექმნილი ველური დასავლეთისა და ინდიელების ფოტოების უნიკალური კოლექცია რამდენიმე ათას გამოსახულებას ითვლის. მათი დიდი ნაწილი აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ შეიძინა, ნაწილი კი კერძო კოლექციებში ინახება.

1898 წელს კურტისი შეხვდა მკვლევართა ჯგუფს, რომლის ერთ-ერთი წევრი ცნობილი ნატურალისტი და ინდიანოლოგი ჯორჯ ბერდ გრინელი იყო. გრინელი კურტისის ფოტოებით დაინტერესდა და მიიწვია ის ექსპედიციაში, რათა 1900 წელს მონტანაში პიკანის ტომისთვის მას სურათები გადაეღო. კურტისმა დაახლოებით 80 ტომში 40 000-ზე მეტი ფოტო გადაიღო.

რუსმა ეთნოგრაფმა და ფოტოგრაფმა ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვამ (1905-1975) სვანეთი 1927 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოინახულა. მოგზაურობა მან თავისი მასწავლებლის, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის ნიკო მარის რჩევით გადაწყვიტა. სვანეთში ცხოვრების წლებში კოჟევნიკოვამ უნიკალური ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა სვანეთის ყოფის, კულტურისა და სარიტუალო წეს-ჩვეულებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ევდოკია კოჟევნიკოვას ფოტოარქივი ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გამოიფინება.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით. პროექტის თანაორგანოზატორები არიან აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.

ყველა ახალი ამბავი
0