ოპოზიციას სასამართლოს გზით არჩევნების შედეგების გაუქმება სურს

© Sputnik / Levan Avlabreliხმების დათვლა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებზე
ხმების დათვლა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სასამართლოებში წაგების შემთხვევაში, ოპოზიცია ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგების გაუქმებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცესკომ უარი განაცხადა განიხილოს ოპოზიციური პარტიების საჩივრები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, და ახლა ისინი სასამართლოში შესატან საჩივარს ამზადებენ, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ ტელეარხ „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ეთერში.

მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები საქართველოს 64 ქალაქსა და რაიონში 21 ოქტომბერს გაიმართა. ხმების დათვლის შედეგების მიხედვით, საკრებულოში ადგილების უმეტესობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო. მანვე მოიგო არჩევნები 58 ქალაქსა და რაიონში. მერების მეორე ტური ერთ ქალაქსა და ოთხ რაიონშია დანიშნული. კიდევ ერთ რაიონში არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენელმა მოიგო. 

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოში 50-დან 40 ადგილი მოიპოვა

„მოვითხოვეთ, რომ გაუქმებულიყო ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, გადათვლილიყო შედეგები. ორი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვითხოვთ, ერთი არის ის, რომ ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი. მეორე — არ განიხილეს საუბნო-საარჩევნო კომისიების საჩივრები, რაც კანონის მიხედვით მათი ვალდებულებაა. ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვაპირებთ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გავიაროთ ყველა სამართლებრივი ინსტანცია, რათა გავასაჩივროთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგები“, — განაცხადა ბოკუჩავამ.

სარჩელს ასევე 14 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია ამზადებს, რომლებიც არჩევნებამდე „ლიდერთა საბჭოში“ გაერთიანდნენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. შიდა სასამართლოებში, რა თქმა უნდა, ცესკოზე უარესი კრიმინალები ზიან, მაგრამ ჩვენ ამოვწურავთ შიდა პროცედურებს იმისათვის, რომ საქმე ევროპულ სასამართლოში წავიდეს“, — განაცხადა კახა კუკავამ, რომელიც თბილისის მერობის პოსტზე კენჭს იყრიდა ოპოზიციური ბლოკიდან „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო“.

მისი თქმით, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს არალეგიტიმურად აღიარებს.

არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკომ შემაჯამებელი ოქმის მიღების შემდეგ, 9 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს.


ყველა ახალი ამბავი
0