ემოცია, ალბათ ყველაზე კარგი გასაღებია, რომელიც შეიძლება ცხოვრებას მოარგო. სწორედ ამ ემოციას უნაწილებს ბატონი ბადრი ადამიანებს, ემოციას, რომელიც თავად განიცადა ამა თუ ქვეყანაში ყოფნის დროს და კადრზე აღბეჭდა საუცხოო ადგილები. უყურებ მის გადაღებულ ფოტოებს და თითქოს იქ ხარ, მაროკოში, ევერესტზე, ბელგიაში, ფერეიდანში, ირანში… ფოტოებზე ბატონმა ბადრიმ სულ სხვა მსოფლიო აღმოაჩინა.
— ხშირად ვმოგზაურობ, მაგრამ არა ისე ხშირად, როგორც მე მინდა. ვცდილობ მაქსიმალურად მეტი ქვეყანა ვნახო. რა თქმა უნდა არა მარტო უცხოეთში, არამედ პირველ რიგში საქართველოში.
- მაშინ საქართველოზე საუბრით დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. შეიძლება ცოტა ბანალური კითხვაა, მაგრამ მაინც გკითხავთ. საქართველოს რომელ კუთხეს გამოარჩევდით?
— ამ კითხვაზე შემიძლია დიპლომატიურად გიპასუხოთ, რომ საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია, თუმცა გეტყვით, რომ განსაკუთრებულად მომწონს თუშეთი, თავისი სილბოთი და არაჩვეულებრივი ბუნებით. მოხდა ისე, რომ თუშეთში ნამყოფი ვიყავი რამდენჯერმე შვეულმფრენით. პირველად 1014 წელს წავედი მანქანით. საოცარი სილამაზე გადაიშალა ჩემს თვალწინ და იმდენად მოვიხიბლე, ყოველ 50 მეტრში ვაჩერებდი მანქანას.
- ექსტრემალურ სიტუაციებში თუ გიმოგზაურიათ?
— კი იყო ასეთი შემთხვევებიც. დაახლოებით ორი წლის წინ მივდიოდი ხევსურეთში. სანამ სოფელ როშკას მიუახლოვდებით, ჩამოდის როშკის წყალი. არაჩვეულებრივი ადგილია და იქ ჩავირბინე. თურმე იქ ყოფილა ჭაობი. ჩავვარდი ამ ჭაობში ისე, რომ დავეჯახე ლოდს და მოვიტეხე მხარი.
- ამ დროს მარტო იყავით?
— მეგობრები ზემოთ იყვნენ, ქვევით მე ვიყავი მარტო. ვინ იცის კიდევ რამდენჯერ ჩამოვვარდნილვარ დაბლა, მაგრამ ღვთის წყალობით ყოველთვის მშვიდობიანად დამთავრებულა.
- თუ არსებობს ფოტო, რომელიც განსაკუთრებული, საამაყო და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის?
— ძნელია ერთი ფოტოს გამოყოფა, ბევრია ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეტნაკლებად შემოვლილი მაქვს, სულ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე სოფელ საროში,(არმისული ვარძიამდე) მე-7 საუკუნის ძეგლი, ულამაზესი ტაძარი. როგორც ჩანს მის გარშემო იყო ციხესიმაგრეები, რომლის ასაკი დაახლოებით 4000 წელია. ამ ტაძრის გადაღება ძალიან სასიამოვნო და საამაყო იყო ჩემთვის.
რაც შეეხება საზღვარგარეთ, გადაღებულ ფოტოებს, თვითმფრინავიდან გადავიღე ფოტო, სადაც „ევერესტი“, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალი ჩემს ქვემოთაა… არა მგონია ძალიან ბევრმა დაიტრაბახოს, რომ მსგავსი რაკურსით ეხილოს „ჯომოლუნგმა“. ეს იყო არაჩვეულებრივი შეგრძნება, ვერასოდეს ვერ ვიოცნებებდი, რომ ზემოდან დამენახა როგორია ევერესტი.
- არის საქართველოში ადგილი რაც ჯერ არ გადაგიღიათ?
— მყინვარწვერზე მინდა ასვლა, მაგრამ უკვე დაგვიანებულია, ფეხით ვეღარ ავალ იქ. სამეგრელოში არის ტბების მთელი სერია და ძალიან მინდა მათი გადაღება. ჯერჯერობით ვერ მოვახერხე იქ წასვლა.
- რაც შეეხება უცხოეთში მოგზაურობას, პირველად როდის გადაკვეთეთ საქართველოს საზღვარი?
— ჩემთვის პირველი მოგზაურობა იყო 1988 წელს იუგოსლავიაში. ეს იყო ყველა საბჭოელისთვის საოცნებო ქვეყანა, რადგან ის ნახევრად კაპიტალისტური ქვეყანა იყო. ეხლაც სასიამოვნოდ მახსენდება იუგოსლავია, რომელიც მთლიანი, ძლიერი სახელმწიფო იყო თავისი შემადგენელი, ულამაზესი რესპუბლიკებით.
- ამის შემდეგ რამდენ ქვეყანაში იმოგზაურეთ?
— დღემდე ასზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი.
- რა ტიპის ქვეყნებმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
— ძალიან მომწონს აზიური ქვეყნები. გვინდა არ გვინდა ჩვენ შედარებით ევროპულ ყოფაში ვართ. ჩემთვის აღმოსავლური, ეგზოტიკური ცხოვრების წესი, კულტურა ძალიან საინტერესოა.
უზარმაზარი და ულამაზესი ქვეყანაა ჩინეთი. განსაკუთრებული და საოცრად საინტერესოა პეტრა, იორდანია. მუსულმანური ქვეყანაა, მაგრამ თავისუფალი ქვეყანაა. ჩაცმულობას და მსგავს საკითხებს მნიშვნელობას არ ანიჭებენ. იმ ადგილებს შორის, რაც კი მინახავს ეს არის ყველაზე საოცარი ადგილი.
უმნიშვნელოვანესი იყო ჩემი მოგზაურობა ფერეიდანში. ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ქართველები, როგორ საოცრად შემოიხანეს ქართული ადათ წესი, ენა, ტრადიციები. არ მეგონა თუ ჩემს ცხოვრებაში ამდენ ატირებულ ადამიანს ვნახავდი ერთად, რა თქმა უნდა ჩემი თავის ჩათვლით. უნდა გენახათ როგორ გვეხვეოდნენ, რამხელა სითბო და სიყვარული მოდიოდა მათგან. ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ არ მრცხვენოდა და მოთქმით ვტიროდი.
- აღმოსავლეთის ქვეყნებში ყველაზე უცნაური კანონი, ან ტრადიცია რა შეგხვედრიათ?
— ირანში არის ძალიან ბევრი შეზღუდვები, რომელსაც უნდა გაეცნო წინასწარ, მითუმეტეს, როცა ფოტო აპარატით ხარ. არ უნდა გადაიღო პოლიციელი, ჯარისკაცი, ისეთი დაწესებულებები, თუ არ იცი რა არის იქ განთავსებული და ა.შ. სასურველია, რომ ამ დროს გახლდეს ვინმე, ვინც კარგად იცნობს ქალაქს.
- მეგაპოლისები თუ გიზიდავთ?
— საერთოდ დიდი ქალაქები არ მიყვარს. მეგაპოლისებზე მეტად მიყვარს პატარა ქალაქები. სულ სხვა ხიბლი, ინტიმურობა, სიმყუდროვის შეგრძნება აქვთ მათ. გერმანიაში ძალიან ბევრია პატარა და ლამაზი ქალაქები, სოფლები, ასევე იტალიაში.
საქართველო ყველაზე პატარა ქვეყანაა ამ ქვეყნებს შორი, რაზეც აქამდე ვისაუბრე, მაგრამ არის ყველაზე მრავალფეროვანი. ერთ ციცქნა მიწაზე თავმოყრილია მთაც, ზღვაც, მდინარეც, უდაბნოც და ა.შ.
- რა სირთულეებს აწყდებით ხოლმე მოგზაურობის დროს?
— მთავარი პრობლემა არის ფული. ფული გაქვს, პრობლემაც არ არის. არ გაქვს ფული? არის პრობლემა. ყოფილა შემთხვევა გავჩერებულვარ მინუს ორ ვარსკვლავიან სასტუმროში და პლიუს ექვს ვარსკვლავიან სასტუმროშიც. მინუს ორი ეს იყო რაღაც საშინელება. თეთრეული არ იყო გამოცვლილი, იყო საშინელი ჭუჭყი, სიბინძურე. თუმცა დღეს ამაზე ვიცინი და ის მოგზაურობა მაინც სასიამოვნოდ მახსენდება. პლიუს ექვს ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო დუბაიში, ზღაპარში გეგონებოდა თავი.
- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას?
— წელს მხოლოდ ორ ქვეყანაში ვიყავი. ძალიან მინდა აზიაში წასვლა, კიდევ ერთხელ მოვინახულო შრი-ლანკა.