თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. 2017 წლის გეგმაში გათვალისწინებული ქუჩების 85%-ზე საგზაო მონიშვნების, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა უკვე დასრულებულია, ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ერთკომპონენტიანი საღებავით დახაზულია 69 ქუჩა და მოედანი, ხოლო ცივი და თერმო პლასტით — 7. ამჟამად, საგზაო მონიშვნების დატანის პროცესი 10 ქუჩაზე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში საგზაო მონიშვნები კიდევ 27 ქუჩაზე გაკეთდება.
საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, საგზაო მონიშვნები გამოიყენება გზებზე, რომელთა სავალი ნაწილის სიგანე მინიმუმ 6 მეტრია, ხოლო მოძრაობის ინტენსივობა საათში 1000 ავტომობილს აჭარბებს. ამასთან, ქუჩის დახაზვისთვის გზის ასფალტისა ან ბეტონის საფარი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს.
თერმო და ცივი პლასტით ქუჩები 3 წელიწადში ერთხელ იხაზება, ხოლო ერთკომპონენტიანი საგზაო საღებავით — ყოველ 6 თვეში. საგზაო მონიშვნები თავდაპირველად მაგისტრალურ ქუჩებზე კეთდება.
გარდა ამისა, გზებზე წესრიგის დამყარებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული ღონისძიებების გატარება დიდი ხნის წინ დაიწყო.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასევე ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.
საქართველოში 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევების დაფიქსირება მოხდება. წლის ბოლომდე 3 ათასამდე ე.წ. ჭკვიანი კამერა ჩაირთვება. კამერები სამართალდარღვევას დააფიქსირებენ და ჯარიმას გამოწერენ.
„ჭკვიანი კამერების“ მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ სამართალდამრღვევის „დანახვა“ და ჯარიმის გამოწერა ოპერატორის გარეშე შეუძლიათ. აღნიშნული კამერები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ვიდეოანალიტიკური პროგრამების დახმარებით ავტომატურ რეჟიმში ფუნქციონირებს.