თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ციხისძირის უღელტეხილზე, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ტრაილერს დაეჯახა და გზიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი ტრაილერი დაზიანდა.
ნეფე-პატარძლის მანქანაში მჯდომი ორი დაშავებული პირი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გადაიყვანეს. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ სამ დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე საპატრულოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში იანვარ-სექტემბერში 4 400-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგად დაშავდა 6 300-მდე ადამიანი, გარდაიცვალა 384.