თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებისგან იმ დანაშაულების გამოძიების დაწყების ნებართვა ითხოვა, რომლებიც ავღანეთში სავარაუდოდ მიმდინარე კონფლიქტის დროს მოხდა, ნათქვამია გაეროს ახალი ამბების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბენსუდამ ავღანეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული საქმე უკვე გადასცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი საქმისწარმოების პალატას.
„სიტუაციის დეტალური წინასწარი გამოძიების ჩატარების შემდეგ, გამოვიტანე დასკვნა, რომ გამოძიების დასაწყებად ამ საქმეს მიესადაგება ყველა სამართლებრივი კრიტერიუმი, რომელიც რომის სტატუტით არის გათვალისწინებული… არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით ავაღანეთში სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ არის ჩადენილი“, — განაცხადა ბენსუდამ.
პროკურორმა განმარტა, რომ საუბარია იმ დანაშაულებზე, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიაზე 2003 წლის 1 მაისიდან არის ჩადენილი, ასევე იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც უკავშირდებიან ავღანეთის კონფლიქტს და 2002 წლის 1 ივლისის შემდეგ მოხდა სხვა ქვეყნებში, რომლებიც „რომის სტატუტის“ მონაწილეები არიან.
„რომის სტატუტი“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთგვარი წესდებაა, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს ყველაზე მძიმე დანაშაულები, ეთნიკური წმენდის, სამხედრო დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და გენოციდის ჩათვლით.
2015 წლის 1 იანვრიდან ავღანეთში იმყოფება ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“(Resolute Support), რომელიც გამოცხადებულია როგორც არასაბრძოლო მისია. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის. საქართველოს მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.
ამჟამად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ცხრა სახელმწიფოში არსებული სიტუაციის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში, სუდანში, ლივიასა და მალიში. უკრაინა იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა მიმართ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.
რაც შეეხება საქართველოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს იმ დანაშაულებს, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილია როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, ისე სამხედრო მოქმედებების წინა და შემდგომ პერიოდში — 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე.
თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბენსუდას მიუნხენში შეხვდა და გამოძიების დეტალები განიხილა. კვირიკაშვილმა დაარწმუნა ბენსუდა, რომ საქართველო საჭირო მასალების მოპოვების პროცესში გამოძიებას სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს. თავის მხრივ ბენსუდამ ქართულ მხარეს გამოძიების მაქსიმალური გამჭვირვალობა აღუთქვა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
რუსეთზე, ისე როგორც აშშ-ზე, ჩინეთსა და სხვა ზოგიერთ ქვეყანაზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება. რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.