თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარედ გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე დანიშნეს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებები 2009 წლიდან მიმდინარეობს და გულისხმობს უშიშროების საბჭოს ისეთი მოდელის მოძებნას, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს.
„პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებად დავნიშნე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი“, — ციტირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის თავმჯდომარის მიროსლავ ლაიჩაკის წერილის ტექტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმნაძის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ქვეყნის კიდევ ერთი აღიარება უწოდა.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მთავრობათაშორისი მოლაპარაკების თანა-თავმჯდომარედ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის დანიშვნა წარმოადგენს საქართველოს კიდევ ერთ აღიარებას საერთაშორისო არენაზე. ეს არის უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო ფუნქცია“, — ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს მონაცემებით, საქართველო თავის მხრივ უკვე ჩართულია მოლაპარაკებათა პროცესებში. მიმდინარე წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველომ რამდენიმე ისეთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის რეფორმის პროცესთან.
უშიშროების საბჭო, რომელიც 1964 წელს შეიქმნა, გაეროს ექვსი მთავარი ორგანოდან ერთ-ერთს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც გაეროს სხვა ორგანოები წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციებს აძლევენ, მხოლოდ უშიშროების საბჭოს გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება წევრი სახელმწიფოებისათვის სავალდებულოა.