თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ТНТ-ს არხზე პოპულარულ რუსულ შოუ „ტანცებში“ თეონა წიწაკიშვილის შემდგომი ბედი ამ უქმეებზე გადაწყდება, ჯერჯერობით კი ვითარება ასეთია: ახალგაზრდა მოცეკვავემ პროექტის ჟიურის წევრები ისევ გააოცა.
„შაბათს გაირკვევა ყველაფერი საბოლოოდ“, — დაწერა თეონამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„ტანცების“ მეოთხე სეზონის მორიგ ტურში თეონას გუნდმა დავალება მიიღო — ერთ ღამეში დაედგათ საცეკვაო ნომერი, ოღონდ იმ პირობით, რომ მასში მუსიკა არ ინდა ყოფილიყო.
თეონა ექსპერიმენტზე წავიდა: ნომრის დაწყება საკუთარი ვოკალით გადაწყვიტა. გოგონამ შეასრულა აკაპელა სიმღერა „თუ ასე თურფავ იყავი“. შემდეგ წიწაკიშვილის გუნდმა მუსიკის თანხლების გარეშე „კონტემპორარის“ სტილის ცეკვა შეასრულა.
მაგრამ ნომერი ამით არ დასრულებულა — ცეკვის მეორე ნაწილში თეონამ „ასსა“ შემოუძახა და გუნდის წევრებმა ქართული ცეკვის ელემენტები და მოძრაობები შეასრულეს.
გუნდის ნომერმა ჟიურის წევრების აღტაცება გამოიწვია.
„რა ემოციები განვიცადე — ცრემლებიდან ღიმილამდე. დიდი მადლობა თქვენ. მე მგონი, ეს საუკეთესო ნომერია“, — გამოტყდა წამყვანი ლეისან უტიაშევა.
დღეს, 21:30 საათზე ტელეარხ ТНТ-ზე გახდება ცნობილი, ვინ მოხვდება ცნობილი ქორეოგრაფების, მიგელის და ტატიანა დენისოვას გუნდებში. მაშინვე გადაწყდება, დარჩება თუ არა თეონა შოუში.
მაგრამ, როგორც ეს უკვე ცნობილია, ორივე ქორეოგრაფს თეონა საკუთარ გუნდში სურს იხილოს. ამ ტურში თეონამ განაცხადა, რომ მიგელის გუნდში სურს მოხვედრა. დენისოვამ მას კითხვა დაუსვა: „რატომ ფიქრობ, რომ ჩემ გუნდში არ შეგირჩევთ საინტერესო სტილებსა და საინტერესო დადგმებს?“, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, რადგან მიგელმა შეაწყვეტინა და მოუჭრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. დენისოვამ კი თეონას მისამართით თქვა: „მერე ინანებს!“
ასე გახდა თეონა, რომელიც ჯერ კიდევ ფინალში არ მოხვედრილა, პროექტ „ტანცების“ ყველაზე სასურველი მონაწილე და, როგორც ჟიურის წევრებმა განაცხადეს, „ჩხუბის მიზეზი“.
შეგახსენებთ, წელს პროექტ Танцы-ს კასტინგი ჩატარდა უფაში, ვორონეჟში, სამარაში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, კრასნოდარსი, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში.
როგორც ყოველთვის, მონაწილეებს რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოუწევთ. პირველი ეტაპი კასტინგია, რომელზეც ჟიური 24 საუკეთესო მოცეკვავეს აირჩევს. ჟიურის მოწვეული ვარსკვლავები ეხმარებიან. წელს ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ: იუმორისტი სერგეი სვეტლაკოვი, ტელეწამყვანი ოლგა ბუზოვა და ცნობილი ბრიტანელი ქორეოგრაფი ფრანცისკო გომესი.
მეორე ეტაპზე ორი 12-კაციანი გუნდი 10 საკონკურსო კონცერტს ქვეყნის საუკეთესო ქორეოგრაფების ხელმძღვანელობით წარადგენს. ყოველ კვირას მაყურებელი ჟიურისთან ერთად თითოეული გუნდიდან თითო მონაწილეს აირჩევს, რომელიც პროექტს დატოვებს.
ფინალში დიდ გალა-კონცერტზე რუსეთის საუკეთესო მოცეკვავეს აირჩევენ. მას გადაეცემა პრიზი — 3 მილიონი რუბლი.
თეონა წიწაკიშვილი — პროფესიონალი მოცეკვავეა, ის 25 წლისაა და თბილისში ცხოვრობს. ქართველი მაყურებელი მას იცნობს პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა", რომელზეც გოგონა ფინალში გავიდა და მეოთხე ადგილზე მოხვდა.
თეონას მეუღლე და შვილი ჰყავს, რომლებიც მას ყველანაირად მხარს უჭერენ. წიწაკიშვილს მეამბოხე სტილი აქვს, მოკლე ვარცხნილობა, სიმაღლე — 160 სმ. ის დაკავებულია ცეკვით და მასტერ-კლასებს ატარებს.