სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მერაბიშვილის საქმეზე 28 ნოემბერს გამოაცხადებს

© AFP 2024 / FREDERICK FLORINადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ კანონი პატიმრობაში მყოფი შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიმართ

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საქართველოს შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" 28 ნოემბერს გამოაცხადებს, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატმა ოთარ კახიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომლის თანახმად მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახვედრად და მასზე ზეწოლის მოსახდენად საპატიმროდან მალულად გამოიყვანეს. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა, მათ შორის მე-18 მუხლის, რომელიც კრძალავს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას სხვა მიზნებისთვის. ეს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გასული წლის ოქტომბერში გაასაჩივრა.

„ახლახან მივიღეთ წერილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატისგან. მათ გვაცნობეს, რომ ამა წლის 28 ნოემბერს, 11:30 საათზე, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საჯაროდ გამოცხადდება გადაწყვეტილება საქმეზე „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ", — განაცხადა კახიძემ, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატი იყო.

„მართლმსაჯულების“ ფიგურა ფრანქფურტში - Sputnik საქართველო
მერაბიშვილისა და ადეიშვილის განაჩენები ძალაში დარჩა

მან აღნიშნა, რომ თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილის გათავისუფლება მოუწევს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს და ეს არის პირველი საქმე, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ. მე-18 მუხლის დარღვევის დადგენის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ივანე მერაბიშვილის გათავისუფლება ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ეყოლება დეკლარირებული პოლიტიკური პატიმარი", — განაცხადა კახიძემ.

საქმე ეხება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს. მერაბიშვილის თქმით, ღამით იგი მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად წაიყვანეს, რომელიც მუქარით ითხოვდა მერაბიშვილისაგან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმის გახსნაში დახმარებას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების წარდგენას.

სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ მათ თავის დროზე არ ჩაატარეს გამოძიება მერაბიშვილის საპატიმრო საკნიდან გაყვანის თაობაზე.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო - Sputnik საქართველო
სტრასბურგში მერაბიშვილის საქმეზე ზეპირი მოსმენა დასრულდა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული – 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებში.

სასამართლოში განხილვაზეა კიდევ ერთი საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.

 

ყველა ახალი ამბავი
0