ქარდავას უკრაინის, ლატვიისა და ბელიზას ოთხი ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის პასპორტი
უკრაინის პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცედურა დაიწყო

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას საქმეში, რომელიც უკრაინაში ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, ახალი დეტალები ჩნდება — მას ოთხი ყალბი პასპორტი უპოვეს.

ქარდავას დაკავების შესახებ ცნობილი ოთხშაბათს გახდა. მან საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა, 2013 წელს კი საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ინტერპოლმა ქარდავაზე ძებნა გამოაცხადა. მას ბრალად ედება მთელი რიგი დანაშაულები, მათ შორის, სექსუალური ძალადობა, წამება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, სახელმწიფო სახსრების ფლანგვა.

„დაკავებულს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, თუმცა, თავისი ფოტოთი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა", — ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონულმა სასამართლომ ქარდავას 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, დაწყებულია საქართველოში მისი ექსტრადირების პროცედურა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
საქართველო კმაყოფილია: უკრაინამ მოთხოვნა ექს–ჩინოვნიკის ექსტრადიციაზე გაითვალისწინა

საქართველოს მთავარი პროკურატურა უკვე ამზადებს მასალებს უკრაინული მხარის მიერ ქარდავას გადმოცემის საქმეზე.

საქართველოში ქარდავას მიმართ რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ 2013 წელს გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წელს გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

გარდა ამისა, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მას 9 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

ამ დროისთვის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოში კიდევ ხუთი საქმეა აღძრული: სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, ელდარ ქობალიას, კობა მანტკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, მალხაზ არქანიას სამების საქმე, ელბერდ კობერიძის წამებისა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის საქმე და მოსკოვში ქართველი გენერალ-მაიორის, რომან დუმბაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე.

მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელმძღვანელობდა.

ყველა ახალი ამბავი
0