თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი იაპონელი ქორეოგრაფი, ბუტოს თეატრის Sankai Juku დასის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი უშიო ამაგაცუ დაჯილდოვდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზით სრულყოფილებისთვის ხელოვნებაში.
ჯილდო ამაგაცუს თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ХХ საერთაშორისო ქართული ფესტივალის ფარგლებში გადაეცა. ფესტივალზე იაპონურმა კოლექტივმა წარმოადგინა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი — ქორეოგრაფიული დადგმა „კუმკუატის მარცვალი" (The Kumquat Seed).
უშიო ამაგაცუ დაიბადა 1949 წელს იოკოსუკაში. დასი Sankai Juku 1975 წელს დააფუძნა.
ამაგაცუ Sankai Juku-ს დასისგან დამოუკიდებლადაც მუშაობს. 1988 წელს მან აშშ-ში ჯეიკობ პილოუს ფონდის მიწვევით შექმნა სპექტაკლი Fushi ფილიპ გლასის მუსიკაზე. 1989 წელს ის დაინიშნა ტოკიოს სპირალური დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელად, სადაც დადგა Apocalypse (1989) და Fifth-V (1990). 1997 წელს, პეტერ ეტვოშის ხელმძღვანელობით, ტოკიოს საერთაშორისო ფორუმზე დადგა ბელა ბარტოკის „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე".
1998 წლის მარტში მან ლიონის ნაციონალურ ოპერაში დადგა ეტვოშის ოპერა „სამი და" (მსოფლიო პრემიერა), რომელმაც საფრანგეთის Prix du Syndicat National de la Critique პრემია მიიღო. ოპერა შემდეგ სხვადასხვა საოპერო თეატრებშიც დაიდგა.
2008 წელს ამაგაცუმ ლიონის ნაციონალურ ოპერაში ეტვოშის ოპერა Lady Sarashina დადგა. ამ ოპერამაც Prix du Syndicat National de la Critique-ს პრემია მიიღო.
გარდა ამისა, ამაგაცუ არის საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის სამინისტროს ხელოვნების ორდენის კავალერი (1992).
უშიო ამაგაცუ დასის ყველა სპექტაკლის დამდგმელი, ქორეოგრაფი და სცენოგრაფია. ის ბუტოს აღიქვამს, როგორც „დიალოგს გრავიტაციასთან". ამაგაცუს ნამუშევარი საერთაშორისო დონეზე აღიარეს სხეულის ენის ორიგინალური გამოყენების, სპექტაკლების თემების უნივერსალური ხასიათისა და ესთეტიკური გამოსახვის ძალის წყალობით.
„Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ „საჩუქრის" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს Sputnik-საქართველოს ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში.
GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.