თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის Beer Sheva Fringe Theatre–ს დასი Ayit 7 და 8 ნოემბერს წარმოადგენს სპექტაკლს B Polar გოგოლის მოთხრობის „შეშლილის წერილების" მიხედვით.
წარმოდგენა თბილისის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების მეოცე საერთაშორისო ფესტივალ Gift–ის ფარგლებში.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, B Polar–ს საფუძვლად უდევს გოგოლის მოთხრობის სიუჟეტი, რომელიც პაციენტის თვალით დანახული ბიპოლარული აშლილობის ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული ნიმუშია.
მონაწილეობა მიიღეთ Sputnik-ის გათამაშებაში და მოიგეთ სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები >>>
„მისი წერის მანერა კი სპექტაკლის შთაგონებად იქცა, თავისი იუმორით, აბსურდული და კაფკასეული კოშმარებით, ტკივილითა და ტანჯვით, რაც ნაწარმოებს მართლაც შედევრად აქცევს. პიესა ძიებაა, გულწრფელი კვლევა და მცდელობა ახალი არავერბალური ენის აღმოსაჩენად. მასში გაერთიანებულია ვიდეოხელოვნება, მოძრაობა და მუსიკა, რაც, ერთი მხრივ, თეატრსა და კინემატოგრაფიულ მედიას შორის საზღვრებს შლის და ასევე მრავალი დისციპლინის შერწყმით ამბის თხრობის ახალ ფორმას თხზავს", – განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა და ადაპტაციის ავტორმა იოავ მიქაელმა, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
სპექტაკლზე მუშაობდნენ: სცენოგრაფია – ავი სეჩვი, ვიდეოარტი – ელი ლევაი, განათება – ური მორაგი, კოსტიუმების ავტორი – აჰუვა ერეზი, მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი – ამირ გრომანი, ქორეოგრაფი – ემანუელა ამიჩაი.
სპექტაკლის დასაწყისი 20:00 საათი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სალაროებსა და ონლაინ.
Gift-ი („საჩუქარი"), რომელსაც წელს 20 წელი უსრულდება, 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე გაგრძელდება და რუსეთის, იაპონიის, ისრაელის, ევროპის ქვეყნების თეატრალური დასების სპექტაკლებს წარმოადგენს.
„Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ „საჩუქრის" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს „Sputnik-საქართველოს" ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში.