თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ის ფარგლებში ანშლაგით ჩაიარა თეატრ Sasha Valtz & Guests-ის წარმოდგენებმა.
საშა ვალცი — საკულტო გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, მასთან თანამშრომლობაზე ბევრი ევროპული თეატრი ოცნებობს. მის მიერ შექმნილი თეატრი "საშა ვალცი და სტუმრები" არამარტო ბერლინის სცენაზე, არამედ მთელ მსოფლიოში ცეკვის ავანგარდს წარმოადგენს.
დღეს, ფესტივალ GIFT-ის წყალობით, ქართველმა მაყურებელმა ნახა და შეაფასა ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე განხილვადი დადგმა — Continu (გაგრძელება). თბილისში ეს ღონისძიება წარმოადგინა გოეთეს ინსტიტუტმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოსა და გერმანიის საიუბილეო წლის ფარგლებში.
ქორეოგრაფიული დადგმა Continu ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე აჩვენეს. თეატრში არცერთი თავისუფალი ადგილი არ იყო.
Continu არ არის ჩვეულებრივი ცეკვა, ეს ნამდვილი ფსიქოლოგიაა. რომელიც სავსეა მშვენიერი მუსიკით — დადგმაში ჟღერს ედგარ ვარეზის, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიეს და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაწარმოები.
"21 მოცეკვავის არაჩვეულებრივი დახვეწილობა და სინქრონულობა, თითოეული ჟესტის უზადო ოსტატობა. ამასთან ცეკვაში არაჩეულებრივი თავისუფლება იგრძნობა. თითოეული მოცეკვავე საკუთარი მოძრაობებით რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს", — აცხადებს მაყურებელი მარიკა ქავჟარაძე.
საშა ვალცის მოცეკვავეები ეხებიან მსოფლიოს მტკივნეულ პრობლემებს, აჩვენებენ იმ გულახდილობას, რის გამოც ღირს ცხოვრება, ისინი თავად ცხოვრობენ სცენაზე.
ამ წარმოდგენაში საშა ვალცმა თავისი შემოქმედების ყველაზე საინტერესო, ძვირფასი და სახასიათო კომპონენტები ჩააქსოვა, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მის საავტორო ნიშნად იქცა. მისი ცეკვის ხაზი უწყვეტად ასახავს ადამიანში ქორეოგრაფიას, მუსიკასა და ვიზუალურ ხელოვნებას, მათ უშრეტ ენერგიას, ადამიანისა და დედამიწის ბუნებას, სიცოცხლესა და მარადიულობას. ყველა ეს ამაღლებული იდეა ვალცის შემოქმედებაში იმდენად ცოცხალ და ორიგინალურ ფორმას იძენს, რომ შეუძლებელია არ შეგიყვარდეს მისი ცეკვა. ის მომაჯადოებელია.
Continu, რომელიც ფილოსოფიითა და ეგზისტენციალიზმითაა აღსავსე, დაიდგა პროექტის "საშა ვალცი და სტუმრები" ფარგლებში ციურიხის საოპერო თეატრის თანამშრომლობითა და სენდლერ უელსის ლონდონის თეატრის დაკვეთით. ის უკვე ნახეს ციურიხში, პარიზში, ლონდონში, ათენში, ბრიუსელში, ლუქსემბურგში, ნიუ-იორკში, ახლა კი თბილისშიც.
ფესტივალი "საჩუქარი" (GIFT), რომელსაც წელს 20 წელი უსრულდება, 15 ოქტომბერს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. ფესტივალზე სპექტაკლებს წარმოადგენენ თეატრალური დასები საქართველოდან, იაპონიიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
„Sputnik-საქართველო" 2017 წელს კვლავ ფესტივალ "საჩუქრის" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. ადევნეთ თვალი სიახლეებს Sputnik-საქართველოს ოფიციალურ გვერდსა და Facebook-ზე და მონაწილეობა მიიღეთ სპექტაკლებზე ბილეთების გათამაშებაში. Gift-ზე რუსეთს ორი თეატრი წარმოადგენს — "ბალტიის თეატრ-ფესტივალი" და გრანოვსკის თეატრ-ლაბორატორია.
GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.
ყოველწლიურად GIFT-ი წარმოადგენს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო თეატრალური დასების შემოქმედებას. მათ შორის არიან მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეტრი და ბევრი სხვა კოლექტივი. ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა გამოფენები, პერფორმანსები, საცეკვაო სანახაობები მასტერ-კლასები.