თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ" უეფას ახალგაზრდული ლიგის (U-19) მეორე შესარჩევი რაუნდის პირველი გასვლითი მატჩი სერბეთის „ბროდარაცთან" ანგარიშით 1:1 დაასრულა.
მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-20 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც.
მეორე ტაიმში „საბურთალოს" მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ მცირე კორექტივები შეიტანა საკუთარი გუნდის თამაშში — ფეხბურთელები უფრო ხშირად გადიოდნენ შეტევაზე და მოწინააღმდეგის კართან საგოლე მომენტებს ქმნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეტევა 83-ე წუთზე წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს გუნდისთვის. ცოტნე კაპანაძის ჩაწოდება გოლით დააგვირგვინა ბექა ნიკოლაშვილმა.
„ვფიქრობ, რომ გასვლით მატჩზე ფრე ანგარიში ნორმალური შედეგია. პირველი ტაიმი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ჩვენ ვფიქრობდით. თუმცა, მეორე ტაიმში ჩვენ გავიუმჯობესეთ მდგომარეობა და მთლიანად ხელში ავიღეთ ინიციატივა. საპასუხო მატჩი მარტივი არ იქნება. ჩვენ გავაანალიზებთ პირველ მატჩს და იმ ტაქტიკას ავირჩევთ, რომელიც ჩვენ დადებით შედეგს მოგვიტანს", — ასე შეაფასა მატჩის შედეგი გოცირიძემ.
„საბურთალოსა" და „ბროდარაცს" შორის საპასუხო მატჩი თბილისში 22 ნოემბერს დავით პეტრიაშვილის სტადიონზე გაიმართება.