თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. Doing Business-ის რეიტინგში ლიდერთა ათეულში საქართველოს შესვლა მნიშვნელოვანი, ხუთწლიანი მიზანმიმართული რეფორმების შედეგია, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველომ Doing Business-2018-ის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმართვისთვის პირობების სიმარტივის ხარისხს აფასებს, მეცხრე პოზიცია დაიკავა. ქვეყანამ საკუთარი პოზიცია 7 საფეხურით გაიუმჯობესა. საქართველოს მეზობლები რეიტინგში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ნორვეგია (მე-8 ადგილი) და შვედეთი (მე-10 ადგილი). მოხსენება მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ წარმოადგინეს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის, ახალი წარმოებების შექმნისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მოკლედ ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციას განაპირობებს. მათ შორისაა, ექსპორტის ზრდა 28.5%-ით; ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა — წელს საქართველოში თითქმის 6,5 მილიონი ტურისტი შემოვიდა; გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა.
იკითხეთ ასევე: საქართველო მსოფლიო ბიზნეს-ელიტაში მოხვდა >>
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით 4,7%-ს შეადგენს. კვირიკაშვილის განცხადებით, ეს აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებსა და ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობაზე.
„მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ აისახება, მაგრამ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ტენდენცია, არის ძალიან ჯანსაღი და არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, — აღნიშნა პრემიერმა სხდომაზე.
კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა წელს 36%-ით გაიზარდა.
ბიზნესის წარმართვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნის კუთხით წელს ახალი ზელანდია ლიდერობს. პირველი ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა სინგაპურმა, რომელიც რეიტინგის სათავეში ათი წლის განმავლობაში იდგა. ლიდერთა ათეულში ასევე შევიდნენ დანია, კორეა, ჰონგ-კონგი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვედეთი.
საქართველო ლიდერობს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებში. რეიტინგში შემდეგ მოდიან მაკედონია (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-16 ადგილი) და რუსეთი (35-ე ადგილი).
მოხსენება Doing Business მეთხუთმეტედ ქვეყნდება და 190 ქვეყანას მოიცავს. ის იკვლევს რეგულირების ნორმებს, რომლებიც ხელს უწყობენ ან უშლიან ბიზნესის განვითარებას საქმიანობის მთელი ციკლის განმავლობაში, საწარმოს შექმნის, ბიზნესის წარმართვის და ინვესტორების უფლებების დაცვის ჩათვლით.