თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისი–რუსთავი–წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და სარეკლამო ბოძს შეეჯახა, რამაც ავტომობილში მყოფი ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს („ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.