ეს ის შემთხვევაა, როცა მიჭირს შესავლის გაკეთება, მიჭირს გამოვნახო სიტყვები და გადმოვცე განცდები, ემოციები, რასაც ამ სტატიაზე მუშაობისას განვიცდიდი.
უბრალოდ მინდა მოგითხროთ მოსიყვარულე ცოლ-ქმრის — თეა ალავერდაშვილის და პაატა ჯაჭვლიანის საოცარი ისტორია. ლოდინით დაღლილი 11 წლის შემდეგ მათ „მეფე–გიორგი“ შეეძინათ. განვლილ წლებზე, იმედგაცრუებებზე, ცრემლსა და ბედნიერ დასასრულზე ქალბატონ თეას ვესაუბრეთ:
– როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე და რამდენი წლის წინ დაოჯახდით?
— მე და პაატამ ერთმანეთი ტელევიზიაში გავიცანით. ამჟამინდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ მუშაობა 2003 წლის შემოდგომაზე, თითქმის ერთდროულად დავიწყეთ (მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, პაატა – ოპერატორი). რამდენიმე წელი კარგი მეგობრები და თანამშრომლები ვიყავით, თუმცა, როდესაც მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო დიდ გრძნობას ატარებდა, ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც ერთდროულად მივიღეთ და 2006 წლის 11 თებერვალს დავქორწინდით.
– ყველა ახლად შეუღლებული წყვილი ელოდება სიყვარულის ნაყოფს, თქვენ რა განცდებით ელოდებოდით პატარას?
— იმ დღიდან მოყოლებული ჩვენც, ისევე, როგორც ყველა ახლად შექმნილი ოჯახი და მოსიყვარულე ცოლ–ქმარი, გამრავლებასა და უკეთეს ცხოვრებაზე ვოცნებობდით, თუმცა შვილის მოლოდინი 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ახლა რომ განვლილ დროს ვუყურებ, ეს იყო ძალიან მტკივნეული, ჩვენი გოლგოთას გზა, უმძიმესი ჯვარით, რომელიც მე და პაატამ ვატარეთ, თუმცა, მადლობა ღმერთს სწორედ ამ გზისთვის და ამ განსაცდელისთვის, რადგან უშვილობის პრობლემამ გვასწავლა და დაგვანახა ცხოვრების ნამდვილი ღირებულებები. დღეს ხშირად ვამბობ, რომ არა ეს პრობლემა, ჩვენ, შეიძლება, საერთოდ სხვა გზით და სხვა ცხოვრებით გვეცხოვრა. ამ ტკივილმა კი ჩვენი სიყვარული და ურთიერთთანადგომა კიდევ უფრო გამოაწრთო და პიროვნულად ორივე საერთოდ სხვა ადამიანებად გვაქცია. პირველ რიგში, უფრო მეტად გვასწავლა ბედნიერების და სიკეთის ფასი, დაგვანახა რწმენის ძალა და შეგვაძლებინა უფლის წყალობის მოთმინებით ლოდინი.
– რა იმედგაცრუებები იყო ამ ათი წლის განმავლობაში?
— მიუხედავად იმისა, რომ ამ 10 წლის განმავლობაში იყო უამრავი ტკივილი და იმედგაცრუება, შინაგანად არასოდეს დაგვიკარგავს იმედი, რომ ჩვენ მშობლები გავხდებოდით. ვყიდულობდით ბავშვის ტანსაცმელს, ნივთებს, სათამაშოებს იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი ჩვენ პატარას დასჭირდებოდა. ამ ოცნებასა და მწარე რეალობაში კი დღეები, თვეები, წლები გადიოდა… ამ სასწაულის მოხდენის ჩვენ მართლა მთელი გულით გვჯეროდა… გვჯეროდა მაშინაც, როდესაც ჩვენ ირგვლივ მყოფების, მათ შორის ექიმების უიმედო თვალებს ვხედავდით… გვჯეროდა მაშინაც, როცა ხელჩაკიდებულები ვტიროდით… და გვჯეროდა მაშინაც, როცა ჩვენ ცხოვრებაში მოდიოდა აუხდენელი ოცნებებით და ტკივილით სავსე კიდევ ერთი ახალი წელი… გვჯეროდა ორივეს გულში და ხმამაღლა, ჯიუტად ვიმეორებდით, რომ ჩვენ ცხოვრებაში აუცილებლად მოვიდოდა ის — მესამე, რომლის გულისთვისაც სიცოცხლე ღირდა.
– როგორ დადგა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნანატრი დღე?
— ეს სასწაული ჩვენ ცხოვრებაში მართლა მოვიდა… ჯვრისწერიდან ზუსტად მეთერთმეტე წელს, ზუსტად 11 თებერვალს გავიგეთ, რომ მშობლები ვხდებოდით. მანამდე კი იყო ბევრი საუკეთესო ექიმი, მკურნალობის დაუსრულებელი ეტაპები და ბოლოს იყო კლინიკა „ინოვა” და არაჩვეულებრივი ექიმი–რეპროდუქტოლოგი ქეთი ოსიძე. ამ ადამიანის და მისი პროფესიონალი გუნდის, მათ შორის, ექიმების თეონა ტიბუას, თამარ ხეცურიანის დამსახურებით ჩვენი ოცნება რეალობად იქცა… და ჩვენ ოჯახში მართლაც მოვიდა ის მესამე და ყველაზე მთავარ წევრი — ჩვენი „მეფე–გიორგი“.
– როცა გაიგეთ, რომ დედა გახდებოდით, რა გრძნობა დაგეუფლათ, რა განიცადეთ?
— ვერ აგიწერთ იმ განცდებს, როდესაც პირველად გავიგეთ ორსულობის დადებითი პასუხის შესახებ. ეს იყო ყველაზე ბედნიერი ცრემლები ჩემ ცხოვრებაში და სასწაული სრულფასოვნების განცდა, როგორც ქალის და დედის, როდესაც გიორგის პირველ გულისცემას მოვუსმინეთ. სულ რვა მილიმეტრი იყო და უკვე მისი „დიდი გული“ ფეთქავდა. ისიც სიმბოლურია, რომ ეს იყო ზუსტად 3 მარტს, დედის დღეს. აქედან დაიწყო ყველაზე ბედნიერი ცხრა თვის ათვლა ჩემ ცხოვრებაში. ყოველი დღე, წუთი და წამი სასწაულის მოლოდინით იყო სავსე. იყო დაუსრულებელი ფიქრი და ოცნება, როგორი იქნებოდა გიორგი… ერთადერთი, რაზეც არ გვიფიქრია, ეს ბავშვის სახელი იყო, რომელიც პაატამ წმინდა გიორგის პატივსაცემად აირჩია.
– როდის დაიბადა თქვენი პატარა? ის დღე გაიხსენეთ, როცა პირველად გაიცანით იგი, პირველად დაინახეთ და შეეხეთ მას.
— წვიმიანი შემოდგომის ერთ ღამეს ჩვენთვის ნამდვილი გაზაფხული მოვიდა. 12 ოქტომბერს, ღამის 12-ს რომ ზუსტად 12 წუთი აკლდა, მოვიდა ზღაპრული მზით სავსე სინათლე და სიტკბო ჩვენ ოჯახში, დაიბადა ჩვენი ნანატრი ოცნება – გიორგი! მახსოვს მისი პირველი ტირილი დაბადებისას და პირველი შეხება, როდესაც გულში ჩავიკარი ჩემი გაზაფხული. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ალბათ ვერასოდეს შევძლებ ბედნიერების ცრემლების გარეშე ამ წუთების გახსენებას…
– რა გრძნობაა თქვენთვის დედობა და რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში ამის მერე? პიროვნულად თუ შეგცვალათ გიორგიმ?
— მას მერე სრულიად სხვა ცხოვრება დაიწყო ჩვენთვის. სასწაული ენერგიით სავსე ცხოვრება. ყოველდღე ვითვლი საათებს, წუთებს, როდის გაიღვიძებს, შეჭამს, დაიძინებს. მის პატარა თითებს, შუბლს, ლოყებს ვეფერები დაუსრულებლად, ველაპარაკები და მგონია, რომ თბილი სიტყვებით მის გულშიც სიკეთეს ვაღვივებ. მისი გაღვიძების მოლოდინში სიამოვნებით ვათენებ ღამეებსაც, მინდა, რომ მისი თვალების გახელას ვუყურო დაუსრულებლად. 12 ოქტომბრის მერე ისეთ სიზმარში ვცხოვრობ, რომლიდანაც გაღვიძება, ვიცი, არასოდეს მომინდება. მიუხედავად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე აქტიური ცხოვრების წესისა, მგონია, რომ ქალის უპირველესი დანიშნულება კარგი დედობა და კარგი შვილის აღზრდაა. ალბათ ამიტომაა, რომ უკვე მესამე კვირაა ჩემი სიცოცხლის ყოველი წამი გიორგის უკავშირდება და მე ეს ყველაზე მეტ ბედნიერებას მანიჭებს.
– მეუღლეს რა დამოკიდებულება აქვს პატარასთან, ისიც ისე გამოხატავს გრძნობებს, როგორც თქვენ თუ, როგორც მამაკაცს, უჭირს ამის გამოხატვა?
— ასეა პაატაც და შეიძლება უფრო მეტია მისი მამობრივი გრძნობებიც. ისე აქტიურადაა ჩართული ყველა საქმიანობაში, რაც ბავშვის მოვლასა და გაზრდას უკავშირდება… საათობით თვალმოუშორებლად ვუყურებთ გიორგის პატარა სხეულს, რომელიც ჩვენი გულის და სულის ნაწილია და რომელიც მრავალწლიანი მოთმინებისა და რწმენის შედეგად უფლისგან წყალობად მივიღეთ. დღეს მეც და პაატაც ხმამაღლა ვამბობთ, რომ სიცოცხლე და ლოდინი ამად ღირდა.
– რას ეტყვით დედებს, რომლებიც უკვე წლებია პატარას მოლოდინში არიან?
– მინდა, რომ ჩვენნაირი პრობლემის წინაშე მდგარმა წყვილმა დაიჯეროს, რომ რაც უნდა მიუწვდომელი გეგონოს ოცნება, ყოველთვის აგისრულდება ის, რაც მთელი გულით გინდა…