თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში 2018 წლიდან ახალი ტურისტული მარშრუტი გაჩნდება — ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" აჭარის მთავრობაში.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ჩირუხის მთიდან ხიხანის ციხე-სიმაგრის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე ტურისტული ველოსიპედებისა და ჯიპ-მარშრუტების მარკირების პროექტზე.
ახალი მარშრუტის კვლევა უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი, დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველად რუკაზე.
„ჩირუხის მთა, ხიხანის ციხე-სიმაგრე და გოდერძის უღელტეხილი აჭარაში განსაკუთრებული ტურისტული ადგილებია. შესაბამისად, ახალი ტურისტული ბილიკი ულამაზეს ბუნებაში ძალზე საინტერესო იქნება", — განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
ახალი ტურისტული მარშრუტი დააკავშირებს ორ რეგიონს და ტურისტები იძულებული აღარ იქნებიან გადაადგილდნენ ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე. მარშრუტი მთლიანად გაივლის ალპურ ზონაში. იქიდან ულამაზესი ხედები და პეიზაჟები იშლება, აღნიშნა ზოიძემ.
ტურისტები გაივლიან ულამაზესი ტბების, ჩანჩქერების გვერდით, ხიხანის ციხე-სიმაგრესთან, საზაფხულო საძოვრებზე. სტუმრები აჭარის ულამაზეს ბუნებას გაეცნობიან.
„ეს მარშრუტი ერთმანეთს აკავშირებს შუახევისა და ხულოს ტურისტულ მარშრუტებს, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდება მაღალმთიანი აჭარის დათვალიერება სამ–ხუთ დღეში", — აღნიშნა ზოიძემ.
აჭარა საქართველოში ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ამ რეგიონს იანვარი-სექტემბრის პერიოდში 1,2 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 5,4%-ით მეტია.