თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული ადგილი გაჩნდა — შავი ტბა, რომელიც გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომავალი წლიდან აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დაგეგმილი აქვს ახალი ადგილის ტურისტულ მარშრუტში შეტანა, მანამდე კი შავი ტბა გიდებმა, ტურსააგენტოების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა დაათვალიერეს.
შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კმ —ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. ტბასთან მისასვლელი საავტომობილო გზა არ არსებობს, ამიტომ ის იდეალური ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, ნათქვამია განცხადებაში.
„გარემოს დაცვის სამმართველოსთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ შევისწავლოთ ტბა, რის შემდეგაც მოხდება მისი მარკირება. შავი ტბის სახით მთიან აჭარაში მოგზაურობისა და სათავგადასავლო მარშრუტების გავლის მსურველებს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ექნებათ მოსანახულებელი,“ — განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
აჭარას შეუძლია თავი მოიწონოს არამარტო ზღვის, არამედ მთის კურორტებითაც, ხოლო გოდერძი — ეს საქართველოში ყველაზე „ახალგაზრდა“ სამთო კურორტია, რომელიც ოფიციალურად 2015 წელს გაიხსნა.