თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. კინოს მხარდაჭერის ევროპული ფონდი „ევრიმაჟი“ ფინანსურად დაეხმარება სამ ქართულ ფილმს, ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.
„ევრიმაჟი“ (Eurimages) — კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების ერთობლივი კინოწარმოებისა და გაქირავების მხარდაჭერის ევროპული ფონდი, რომელიც ევროპის საბჭოსთან 1988 წელს შეიქმნა. „ევრიმაჟი“ ახორციელებს მხარდაჭერას კოპროდუქციის შექმნაში, კონოთეატრალური ჩვენებების მოწყობაში, ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ხარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას და ფილმების დისტრიბუციას.
2017 წლის ოქტომბერში სკოპიეში ფონდ „ევრიმაჟის“ საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება 1,8 მილიონი ევროს ღირებულების 66 მხატვრული, 10 დოკუმენტური და 5 ანიმაციური ფილმის მხარდაჭერის შესახებ.
როგორც ეროვნული კინოცენტრი იტყობინება, ქართული კინო „ევრიმაჟის“ სამსჯავროზე ფონდში ქვეყნის წარმომადგენელმა თამარ ტატიშვილმა წარადგინა.
რაც შეეხება საქართველოს კინემატოგრაფიის მხარდაჭერას, საუბარია ქართულ-უცხოურ კოპროდუქციაზე. „ევრიმაჟმა“ საქართველოს 700 000-მდე ევრო გამოუყო.
კერძოდ, „ევრიმაჟის“ მხარდაჭერა შემდეგმა ფილმებმა მოიგეს: დიტო ცინცაძის „43“ (საქართველო, რუსეთი) – 120 000 ევრო, ევა ჰასსონის „მზის გოგონები“ (საქართველო, საფრანგეთი, ბელგია) – 500 000 ევრო და უტა ბერაიას „უარყოფითი რიცხვები“ (საქართველო, საფრანგეთი, იტალია) 86 000 ევრო.
საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი 2011 წელს გახდა. დაარსების მომენტიდან ფონდმა დაუჭირა მხარი 536 მილიონი ევროს ღირებულების ერთობლივი წარმოების 1797 პროექტს.