თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ფინანსთა სამინისიტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახური.
საუბარი ეხება 113,6 ათასი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანას.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებული საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგის" გავლით, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში დამუშავებული ქვის გადაზიდვას ახდენდა, თუმცა შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სატვირთო ავტომობილით დიდი ოდენობით — 48 100 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა ხდებოდა", — აღნიშნულია უწყების მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეორე ბრალდებულს სიგარეტები ყვავილების სახით შემოჰქონდა.
„მეორე შემთხვევაში, საკონტროლო-გამშვები პუნქტის „გეგუთის" გავლით ბრალდებული, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, სომხეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ყვავილების ტრანზიტს ახორციელებდა. ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 65 450 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის უკანონო გადაზიდვას".
გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 825 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.