ნათია გელანტია პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია და ერთ-ერთ სამხედრო სასწავლო ცენტრში თარჯიმნად მუშაობს. იგი თვითნასწავლი ხელოვანია. ბავშვობიდან ქმნიდა სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ განსხვავებული პროფესია აირჩია. წლების შედეგ მასში კვლავ იმძლავრა ხელოვნების სიყვარულმა და დაუბრუნდა თავის საყვარელ საქმიანობას. დღეს ის განსხვავებულ და ორიგინალურ სამკაულს ქმნის. ამის შესახებ ის „Sputnik საქართველოს“ ესაუბრა.

- ხელნაკეთი სამკაულის შექმნამ როდის და რატომ გაგიტაცათ?
— ხელოვნება ჩემი სულის ნაწილი იყოს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ბავშვობიდან დაწყებული სხვადასხვა ნივთებისგან ვქმნიდი ხელნაკეთ ნივთებს და სამკაულებს, ვხატავდი, ვქარგავდი, ვქსოვდი და ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება. გამომდინარე იქიდან, რომ იმ დროს ხელოვნება დიდად არ ფასობდა საქართველოში, ავირჩიე სხვა პროფესია და მთლიანად გადავერთე ამ პროფესიაში. თუმცა ქვეცნობიერად ყოვლთვის ვგრძნობდი, რომ ერთ დღესაც დავიწყებდი ჩემს საყვარელ საქმიანობას. ასეც მოხდა, ერთი წლის წინ, ჩემი მეგობრების რჩევით და გვერდში დგომით შევქმენი Facebook გვერდი — „ენჯი/N.G. Art Accessories” და დავიწყე სამკაულების კეთება.

- რა მასალით იქმნება თქვენი სამკაული და რით არის ეს მასალა გამორჩეული?
— თავდაპირველად სამკაულებს ვაკეთებდი ტყავისგან. ძალიან მომწონდა სუტაჟის სამკაულები და გადავწყვიტე ეს ტექნიკაც შემესწავლა. ინტერნეტ გაკვეთილების მეშვეობით ვისწავლე სუტაჟზე მუშაობა, თუმცა შემდგომ მოულოდნელად Facebook-ზე აღმოვაჩინე ერთ-ერთი იტალიელი დიზანერის „აბრეშუმის“ სამკაულები, რომელმაც ძალიან მომხიბლა და გავადავწყვიტე, რომ მეც შემექმნა ასეთი სილამაზეები. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის გავრცელებული „აბრეშუმის“ სამკაულები, გადავწყვიტე რომ ეს ტექნიკა დამემკვიდრებინა საქართველოში და დავიწყე მისი შესწვალაც. მასალა გამორჩეულია იმით, რომ არის ნატურალური აბრეშუმი, რომელიც შეღებულია ანტიტოქსიკური საღებავებით და ფერთა ფართო არჩევანი აქვს. აბრეშუმი განსაკუთრებულ ელფერს სძენს სამკაულს და გამოარჩევს სხვა სამკაულებისგან.
- რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული? რა ადგილი უკავია მას ქალის ცხოვრებაში?
— პირადად ჩემთვის, და ალბათ უამრავი ქალბატონისთვის სამკაულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც, მხოლოდ ერთმა აქსესუარმა შესაძლოა განსაკუთრებული მიმზიდველობა შესძინოს ქალის გარეგნობას.

- თითოეული სამკაულის და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?
— ყოველთვის მიყვარდა ინდივიდუალიზმი და ჩემი სამკაულების შემთხვევაშიც მთავრ მიზანს წარმოადგენს, რომ იყოს ყველასგან გამორჩეული და უნიკალური. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ დავიწყე „აბრეშუმზე“ მუშაობა, რომლის თითოეული მოდელი იქმნება ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი, ანუ თქვენნაირი სამკაული საქართველოში და შეიძება მის ფარგლებს გარეთაც არავის არ ექნება.
- ამ საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ თუ ყველაფერს თავად ართმევთ თავს?
— სამკაულებზე ვმუშაობ მხოლოდ მე, ანუ დიზაინიც მე მეკუთვნის, მასალას და ფერსაც თავად ვარჩევ. თუმცა ამ საქმიანობის წამოწყებაშიც და შემდგომ მის განვითარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის თითქმის ყველა ჩემს ახლობელს თუ მეგობარს. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ასევე უცხო ადამიანებისგანაც, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.
- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი?
— ვფიქრობ ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად მე ვარ. ყოველთვის ვცდილობ, რომ უფრო დავხვეწო და გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევრები, ძალიან ხშირად დამიშლია უკვე მზა სამკაული და ხელახლა გამიკეთებია, რადგან არ გამოსულა ისეთი, როგორიც უნდა გამოსულიყო. ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი ახლო მეგობრებიც ასევე ძალიან დიდი კრიტიკოსები და გულშემატკივრები არიან.

- თქვენი ხელნაკეთი სამკაული საოცარი ფერებით გამოირჩევა. როგორ ქმნით ფერთა გამას? წინასწარ გეგმავთ რა ფერს რა უნდა შეუხამოთ თუ ექსპრომტად, მუშაობის დროს იქმნება ეს ფერები?
— მასალის მრავალფეროვნება საშუალებას მაძლევს, რომ თავისუფლად ავამოქმედო ფანტაზია. ჯერ წარმოსახვაში ვქმნი ზოგად დიზაინს და ვარჩევ ფერებს. მუშაობის პროცესში ხშირ შემთხვევაში ვცვლი დიზაინს, ან ვიგონებ სრულიად სხვა დიზაინს, შესაძლებელია რაიმე დეტალში შევიტანო ფერის ცვლილება, თუმცა ძირითადი მასალის ფერს, რომელიც წინასწარ შევარჩიე, არ ვცვლი.
- რეალიზებას როგორ და სად ახდენთ?
— რეალიზებას ამ ეტაპზე ძირითადად Facebook გვერდით ვახდენ. ერთი წლის განმავლობაში ამ საქმიანობას მხოლოდ ჰობის სახე ჰქონდა ჩემთვის, ახლა კი ვცდილობ, რომ ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი შემოქმედება. ექსპორტზე გატანაზეც ვიფიქრებ უახლოეს მომავალში.
- მამაკაცები თუ გიკვეთავენ საყვარელი ქალისთვის სამკაულს?
— ჯერ-ჯერობით არა. იმედი მაქვს მომავალში შემიკვეთავენ.
- ქალის გარეგნობაში რამდენად მნიშვნელოვანი ატრიბუტია სამკაული, დახვეწილი აქსესუარი?
— აქსესუარს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალის გარეგნობაში, დახვეწილი სამკაული და აქსესუარი უფრო მეტ თავდაჯერებულობას სძენს ქალს და ხაზს უსვამს მის გემოვნებას და ინდივიდუალიზმს.

- რა ფერები და სტილია დღეს მოდური და აქტუალური?
— დღეს მოდური პასტელის ფერებია და რა თქმა უნდა კლასიკური ფერები, რომელიც მოდიდან არ გადადის. მე ვცდილობ, რომ მოდის მიუხედავად ყველა ფერის აქსესუარი იყოს ჩემს სამკაულებში, რაც თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემს მომხმარებელს.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
— ფესტივალი „საჩუქრის“ ფარგლებში გამართულ „ხელნაკეთი ნივთების გამოფენაში“ ვღებულობს მონაწილეობას. პირველად ჩემი კოლექციით საზოგადოების წინაშე წავრსდექი 25 ოქტომბერს, ხოლო განმეორებით 7 და 8 ნოემბერს მივიღებ მონაწილეობას ამავე გამოფენაში, რომელიც გაიმართება თუმანიშვილის თეატრში. ვგეგმავ, რომ მაქსიმალურად ფართო საზოგადოებას გავაცნო „აბრეშუმის“ სამკაულები და არ შემოვიფარგლო მხოლოდ საქართველოთი. ასევე ვგეგმავ, „სუტაჟის სამკაულების“ ხაზის გაგრძელებასაც, რომელიც იქნება განსხვავებული უკვე არსებული სუტაჟის სამკაულებისგან. სამომავლოდ ვგეგმავ პერსონალურ გამოფენასაც.