თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ ცალმხრივად მიღებული რეზოლუცია ავტონომიის დამოუკიდებლობის თაობაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ერთი საათის შემდეგ ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 115-ე მუხლის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობის შემოღების უფლებას იძლევა. პრემიერმა მარიანო რაჰოიმ თანამდებობას ჩამოაშორა კატალონიის ჟენერალიტეტის წევრები, მათ შორის, მთავრობის მეთაური კარლეს პუჩდემონი, და ავტონომიის პარლამენტი დაითხოვა.
პარლამენტმა აღიარა ეს გადაწყვეტილება და ვადამდელ არჩევნებამდე, ანუ 21 დეკემბრამდე მუშაობა შეწყვიტა. მადრიდში იმედოვნებენ, რომ არჩევნებით "სამართლებრივი სახელმწიფოს აღდგენა" შესაძლებელი გახდება.
ჟენერალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც განაცხადა, რომ ვადამდელ არჩევნებს გამოწვევად აფასებს.