თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გამოვლინდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო მწერლებისა და ილუსტრატორების კონკურსის გამარჯვებულები, ნათქვამია მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კონკურსი გამოცხადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ინიციატივით. პროექტის მიზანია პროცესების განვითარება საბავშვო ლიტერატურაში, ასევე მწერლებისა და ილუსტრატორების წახალისება და მოტივირება.
სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კითხვის პოპულარიზებას უმცროს თაობაში. პრემიას გასცემენ წელიწადში ერთხელ სამ ასაკობრივ კატეგორიაში: — წიგნები ყველაზე პატარებისთვის (3-6 წელი), პატარებისთვის — 7-12 და მოზარდებისთვის (12-16).
ნამუშევრებს ხუთკაციანი ჟიური კონფიდენციალურად აფასებს. საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებად დასახელდა თამარ ფხაკაძის "გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია", ხოლო პოეტურ ნაწარმოებად — მარიამ წიკლაურის "მხიარული რეცეპტები".
წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნები გახდა მხატვრების, რუსუდან ყიფიანისა და ვარლამ ჯმუხაძის ნამუშევრები: ბონდო მაცაბერიძის "წვიმის ზღაპარი" (3-6) და კიპლინგის "აი, როგორ და რატომ" (7-12).
წლის საუკეთესო საბავშვო დრამატურგიული ნაწარმოებია ლელა ცუცქირიძის "ზანზარა და ჩუ".
წლის საუკეთესო თარგმანის კატეგორიაში გაიმარჯვეს თეა ბაკურაძემ — მაიკლ ბონდის "დათვი, სახელად პადინგტონი" და ეკატერინე სუმბათაშვილმა — მარკ ჰედონის "რა შეემთხვა ღამით ძაღლს".
წლის საუკეთესო საბავშვო ინოვაციური პროექტის გამარჯვებულია ირმა მალაციძე "ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ". პრიზი წვლილისთვის საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში მიენიჭა დოდო ხიმშიაშვილ-ვადაჭკორიას.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და სავარაუდოდ, ის ყოველ წელს გაიმართება.