თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და სამოქალაქო საზოგადოების ახალი მისია".
„გეოპოლიტიკური ცენტრები თავის პოლიტიკას აწარმოებენ და ჩვენმა ხალხებმა და სახელმწიფოებმა რამენაირად ერთობლივად დიალოგი უნდა აწარმოონ. რადგან სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დიდი გავლენა აქვს მთავრობაზე. ნებისმიერი მთავრობა მოქალაქეებისგან შედგება. ამიტომ, თუ მოქალაქეების უმეტესობა მშვიდობის მომხრე იქნება, მაშინ ნებისმიერი საკითხი შვიდობიანი გზით გადაიჭრება", — განაცხადა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევის კავკასიის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა გურამ მარხულიამ კონფერენციის გახსნაზე.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებების პირდაპირი დიალოგი.
„დღეს აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა საკუთარ თავში იპოვეს ძალები და მზად არიან, მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას სამოქალაქო საზოგადოებების დონეზე და ეს, რა თქმა უნდა, დიდი პოზიტივია", — აღნიშნა მარხულიამ.
კონფერენციის ჩატარების ინიციატორია 2016 წლის დეკემბერში შექმნილი „პლატფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისთვის", რომელშიც გაერთიანდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის უფლებადამცველი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილეობს 14 ქვეყნის ასზე მეტი ადამიანი — სამოქალაქო საზოგადოებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მასმედიის წარმომადგენლები, რელიგიური მოღვაწეები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, მეცნიერები.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი აუღიარებელი რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა.