თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მიმდინარე წელს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბური სამხედრო შეტაკებების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის დენიელ კოუტსის მოხსენებაში კონგრესისადმი.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულიული რაიონის ირგვლივ 2016 წლის აპრილში გაჩნდა, და ორივე მხარის კომპრომისზე წასვლის სურვილის არარსებობა და მზარდი შიდა ზეწოლა ადასტურებს, რომ 2017 წელს სრულმასშტაბური სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობა ნარჩუნდება“, — ციტირებს РИА Новости აშშ-ის დაზვერვის მოხსენებას.
მისი ავტორები აფრთხილებენ, რომ „რუსეთთან, ირანთან და დასავლეთთან ურთიერთობების დაბალანსების მცდელობებთან ერთად, აზერბაიჯანში მიმდინარე ეკონომიკური პრობლემები სავარაუდოდ, მოქმედი რეჟიმისათვის სირთულეებს შექმნის და ხელისუფლების შესანარჩუნებლად განსხვავებული აზრის ჩახშობას გააძლიერებს“.
2016 წლის 2 აპრილს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების შესახებ განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ამავე დროს სომხეთის სამხედრო უწყება აზერბაიჯანის მხრიდან „შეტევითი ხასიათის მოქმედებების“ შესახებ იუწყებოდა. მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, თუმცა ერთმანეთს პერიოდულად სროლის გაგრძელებაში ადანაშაულებენ.