იხტიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრ ბოლტაჩევი „Sputnik-საქართველოს“ შავი ზღვის იშვიათ სახეობებზე და მათი გადარჩენის პრობლემებზე ესაუბრა.
„შავ ზღვაში შეყვარებული ვარ, თუმცა თავიდან ეს არც ისე იოლი იყო. უკიდეგანო და მძლავრ ოკეანეებთან შედარებითის შავი ზღვა პატარა და უშნო მეჩვენბებოდა. მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ის თავის ბინადრებთან ერთად მშვენიერი და უნიკალურია. ამის დამტკიცებას შევეცდები“, — ასე დაიწყო საუბარი ბოლტაჩევმა.
შავი ზღვის აუზის ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება
ჩვენი ბოლო მონაცემებით, შავ ზღვაში თევზის 200-მდე სახეობა ბინადრობს. ამაში მტკნარი წყლების სახეობებიც შედის. შავ ზღვაში წარმოდგენილია უნიკალური პონტო-კასპიის ფაუნა, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება. ეს ენდემიკა იმ ეპოქაში ჩამოყალიბდა, როდესაც შავი ზღვის წყალი რამდენჯერმე გამტკნარდა.
სწორედ მაშინ მოხდა ისეთი იშვიათი სახეობის ფორმირება, როგორიცაა შავი ზღვისა და კასპიის ღორჯო და სხვები. ეს პირველი უნიკალური ჯგუფია. მეორე — ქაშაყისა და ზუთხის ზოგიერთი „გადამსვლელი“ სახეობა (ამ ჯგუფის თევზები სასიცოცხლო ციკლის ნაწილს ატარებს ზღვაში, მეორე ნაწილს კი მდინარეებში, რომლებიც ამ ზღვაში ჩაედინება). არსებობს თევზების მცირე ჯგუფი, რომლებიც შავ ზღვაში მსოფლიო ოკეანეს შორეული ნაწილებიდან გადმოსახლდნენ. მაგრამ ეს უკვე ადამიანის დამსახურებაა. მაგალითად, პილენგასი. არსებობს ისეთი სახეობებიც, რომლებიც სუეცის არხის გავლით ჯერ ხმელთაშუა ზღვაში, შემდეგ კი შავ ზღვაში მოხვდნენ.
შავი ზღვის ბინადართა ცხოვრების მძიმე პირობები
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ზღვაში საკმაოდ მძიმე სასიცოცხლო პირობებია. თავად განსაჯეთ — ზამთარში ჩრდილოეთ ნაწილში ის იყინება, ზაფხულში კი სანაპირო ზოლზე წყლის ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს.
შავ ზღვაში წყლის ძალიან მცირე მოცულობაა, რომელშიც შესაძლებელია სიცოცხლე. ეს არის ზედა, 200-მეტრიანი შრე, შემდეგ კი, 2000-მეტრიან სიღრმეში გოგირდწყალბადის ზონაა. იქაც სიცოცხლეა, რომელიც თავისებურად უნიკალურია. იქ ჩაყვინთვისას შეიძლება დავაკვიდეთ იმას, როგორი იყო წყალქვეშა სამყარო რამდენიმე მილიარდი წლის წინ, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე ჯერ მხოლოდ ყალიბდებოდა. იქ ახლაც მოიძებნება ისეთი არქეობაქტერიები, რომლებიც იმ დროს ბინადრობდნენ, როდესაც ჩვენ დედამიწაზე ჟანგბადი ჯერ კიდევ არ არსებობდა.
წითელი წიგნი
შავ ზღვაში საკმაოდ მაღალი ენდემიზმია. პირველ რიგში აქ უნდა ვახსენოთ პონტო-კასპიური ზუთხი, რომელიც ზღვის აუზში ბინადრობს. ეს არის რუსული ზუთხი, სვია, ტარაღანა. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ეს სარეწაო სახეობებია და დიდი ხნის მანძილზე მათ უმოწყალო „ექსპლუატაციას“ ეწეოდნენ. მეორე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „გადამსვლელი თევზები“ ადრე მდინარეებში დინების საწინააღმდეგოდ ათობით და ასობით კილომეტრით შედიოდნენ, იმ ადგილებში, სადაც მათი გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობებია. ახლა კი დიდი მდინარეები გადაკეტილია, უამრავი კაშხლის გამო ზუთხისებურ თევზებს ქვირითის დაყრისთვის ხელსაყრელი ადგილები აღარ დარჩათ.
მესამე მიზეზი — ბრაკონიერობაა. თანაც, საქართველოს მდინარეებში ატლანტიკური ზუთხის პოპულაციები ახლაც არსებობს. თუმცა პოპულაციის მდგომარეობა ძალიან რთულია.
ღორჯოს ზოგიერთი სახეობა ქრება, ისინი წითელ წიგნშია შეტანილი. წითელ წიგნშია ასევე შეტანილი ხმელთაშუა ზღვის თევზების ზოგიერთი სახეობა, რომლებიც შავ ზღვაში დიდი ხანია „გამოსახლდნენ“. მაგალითად, ზღვის მამალი, ზღვის ცხენი. აღსანიშნავია, რომ არსებობს რეგიონული წითელი წიგნები. აქ ჩვენ წავაწყდით შავი ზღვის წითელი წიგნის შექმნის პრობლემას — ამ საკითხში ჩვენი აზრი გაიყო. თუ ჩრდილოეთში ერთი სახეობა საკმაოდ გავრცელებულია, მაშინ, როდესაც მაგალითად, ბულგარეთში ის ძალიან იშვიათია და წითელ წიგნშია შეტანილი. აქ დიდ როლს რეგიონული სპეციფიკა ასრულებს.
ეკოლოგიური მდგომარეობა
ჩვენი შავი ზღვა ძალიან მოწყვლადია. და, რა თქმა უნდა, შავი ზღვის კომისიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საჭიროა თევზჭერის საერთო წესების შემუშავება. ახლა დაჭერილი თევზის 80% თურქეთზე მოდის. საჭიროა ამ ყველაფრის მოწესრიგება და კვოტების შემოღება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შავი ზღვა — უნიკალური წყალსაცავია. იმ მდინარეების ფართობი, რომლებიც შავ ზღვაში ჩაედინება, შავ ზღვაზე 5,6-ჯერ დიდია. ამ მდინარეების ნაპირებზე ათობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამის გამო მათ წყლებში უამრავი დამაბინძურებელი ნივთიერება ხვდება, რომელიც საბოლოო ჯამში შავ ზღვას აღწევს. აღსანიშნავია, რომ გოგირდწყალბადის ზონა აღნიშნულ კონტექსტში — დიდი სიკეთეა შავი ზღვისთვის, როგორც ეს ჩვენმა მეცნიერებმა დაადგინეს. ეს ზონა ყველა ამ დამაბინძურებლისთვის ძალიან აგრესიულ გარემოს წარმოადგენს.
პოლუტანტები [გარემოს დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებები და რადიაციული ნარჩენები] გოგირდწყალბადის ზონაში მოხვედრისას იქვე რჩება, ზედაპირზე არ ამოდის. ამიტომ შუა ნაწილში შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვის აუზის ყველაზე სუფთა ზღვას წარმოადგენს, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. მაგრამ სანაპირო ნაწილში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ადრინდელთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესდა.
სსრკ-ის ეპოქაში მრეწველობას დიდი ყურადრება ეთმობოდა, შესაბამისად, დაბინძურებასაც დიდი მასშტაბები ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრეწველობამ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობამ დაიკლო. შესაბამისად, დამაბინძურებლების მოცულობამაც იკლო. კრიტიკულ პერიოდს 80-იანების ბოლო წლები წარმოადგენდა, 2000-იანი წლებისთვის სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ. ყველა ქვეყანამ წყლის გაწმენდაზე უმკაცრესი მოთხოვნები უნდა დააწესოს, მხოლოდ მაშინ შევინარჩუნებთ ჩვენ მშვენიერ შავ ზღვასა და მასში არსებულ სიცოცხლეს.