აგნესა პაპაზიანი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესის“ ხელმძღვანელი ირაკლი შავგულიძე „Sputnik–საქართველოს“ საქართველოში წითელი წიგნისა და ბუნების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა.
საქართველოს წითელი წიგნი
საბჭოთა პერიოდში საქართველოს წითელი წიგნი არსებობდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ამ წიგნის საფუძველზე ე.წ. „წითელი ნუსხა“ შეიქმნა, რომელშიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და მცენარეებია შეტანილი.
„თანამედროვე ქართულ რეალობაში „წითელი წიგნის“ მცნება პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ „წითელ ნუსხას“ ვეყრდნობით, რომელშიც ცხოველებისა და მცენარეების ათობით სახეობაა შეტანილი“, — აცხადებს შავგულიძე.
დღეს არსებობს კანონი საქართველოს „წითელი ნუსხის“ შესახებ, რომელიც მასში შემავალი სახეობების დაცვას გვავალდებულებს. მაგრამ ამ „წითელ ნუსხაში“ უამრავი უზუსტობაა, რომელიც შესასწორებელია.
„წითელ ნუსხაში“ რატომ შეგვაქვს სახეობა? იმიტომ რომ მას საფრთხე ემუქრება. თუმცა, როგორ შეიძლება ერთ საფეხურზე დადგეს სახეობა, რომლის სულ 10–15 წარმომადგენელი დარჩა და სახეობა, რომლის ასამდე წარმომადგენელია დარჩენილი? დღეს საქართველოში სწორედ ასეთი ვითარებაა“, — აღნიშნავს შავგულიძე.
კალმახი, ირემი და მთავრობის არასწორი მეთოდები
არასწორი მიდგომის მაგალითად მდინარის კალმახის მოყვანა შეიძლება. არალეგალური თევზჭერის გამო საქართველოს მდინარეებში მისი რაოდენობა ძალიან შემცირდა. თევზჭერის ასეთ სახეობებს განეკუთვნება დინამიტი, ქიმიკატები და სხვა. დღეს კალმახი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი, რაც გულისხმობს, რომ მისი დაჭერა ნებისმიერი ხერხით არის აკრძალული.
„თქვენ თვითონ განსაჯეთ: თუ მეთევზემ ანკესით ან ბადით ერთი–ორი თევზი დაიჭირა, ეს ბრაკონიერობაა?! მას მხოლოდ ოჯახის გამოკვება უნდა, როგორც ამას მისი მამა და ბაბუა აკეთებდა. მან არც კი იცის, რომ კანონს არღვევს“, — აღნიშნავს შავგულიძე.
საქართველოს მრავალ მთიან ადგილებში კალმახი საერთოდ ერთადერთი თევზია, რომელიც მდინარეებში ბინადრობს. „წითელ ნუსხაში“ კალმახის შეტანამ უკანონო ჭერა არ შეამცირა, ვითარება არ გამოსწორდა და მისი პოპულაცია არ გაზრდილა. ამან მხოლოდ დისონანსი გამოიწვია.
დღეს საქართველოს „წითელი ნუსხა“ ისეთ ცხოველებს მოიცავს, როგორებიცაა ირემი, დათვი, მგელი, ჯიხვი, ანტილოპა და სხვები. თითოეულ ამ სახეობას განსაკუთრებული სიტუაცია გააჩნია, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
„ირემი მსოფლიოში ძალიან გავრცელებული ცხოველია, თუმცა ჩვენთან არალეგალური ნადირობის გამო ის თითქმის გადაშენდა“, — აღნიშნავს შავგულიძე.
არალეგალურ ნადირობასთან სერიოზული ბრძოლაა საჭირო. „წითელი ნუსხა“ პანაცეა არ არის. მასში მხოლოდ ის სახეობები უნდა შედიოდეს, რომელთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელი დარჩა და რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას და ყურადღებას საჭიროებენ. „წითელი ნუსხა“ სწორედ ასეთ სახეობებს უნდა შეიცავდეს.
ამიტომაც „ნაკრესი“ თვლის, რომ ბუნების დაცვის კუთხით საქართველოში არასწორი მიდგომა არსებობს. მთავრობა უფრო თანამდეროვე მეთოდებს უნდა იყენებდეს და სხვა უფრო განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს.
რას ნიშნავს ბუნების დაცვა?
„ბუნების დაცვა“ ბევრ რამეს ნიშნავს. ერთ–ერთი მთავარი პუნქტია ველური ბუნების შესწავლა. ამისთვის საჭიროა ზოგადი კვლევების ჩატარება, ძირითადი პრობლემების გამოვლენა.
შემდეგ – პრობლემის უფრო ღრმა აღქმისთვის – სპეციალური კვლევები ტარდება. ამ სამუშაოების შედეგებით მუშავდება გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა.
„თუ დღის წესრიგში ცხოველის რომელიმე სახეობაზე ნადირობის საკითხი დგას, კვლევაში გვაინტერესებს საქართველოში ბინადარი ამ ცხოველის რიცხოვნობა. საჭიროა გაირკვეს, შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ სახეობაზე ნადირობა“, — ამბობს შავგულიძე.
როდესაც ირკვევა, რომ ცხოველის რომელიმე სახეობა საფრთხის წინაშეა, კვლევების შემდეგი ეტაპი მდგომარეობს იმის გარკვევაში, რატომ მოხვდა ეს სახეობა ასეთ სიტუაციაში. თუმცა ორგანიზაცია მხოლოდ ცხოველთა ცალკეული სახეობების კვლევებით კი არა, მთლიანად იმ გარემოს კვლევით არის დაკავებული, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს.
გარემო
დღეს საქართველოში გარემოს მრავალი პრობლემა დგას. ეს არის პრობლემები, რომლებიც ცხოველთა, თევზებისა და მცენარეების ზოგიერთი სახეობის დაცვას უკავშირდება, ასევე მთლიანად ეკოსისტემის საფრთხეებს — ტყის გაჩეხვა, ჰაერისა და წყლების დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენება.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესი“ საქართველოს საძოვრების მდგომარეობას იკვლევს. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში საძოვრები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თუ საძოვარზე იმაზე მეტი ცხვარი ბალახობს, ვიდრე საძოვარს შეუძლია აიტანოს, ეს ეროზიას იწვევს. შემდგომში ეს ნიშნავს, რომ იქ გაცილებით ნაკლები ბალახი ამოვა, რაც საძოვრის გაქრობას გამოიწვევს. დაახლოებით იგივე ეხება ტყესაც.
„ჩვენ მარტო დაცულ ტერიტორიებზე არ ვმუშაობთ, რადგან ვითარების გაკონტროლება მთელი ქვეყნის მასშტაბით არის საჭირო“, — აღნიშნა დასასრულს შავგულიძემ.
ყველა ეს პრობლემა ყურადღებას მოითხოვს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ იზოლირებულად არ ვცხოვრობთ, არამედ საერთო ეკოსისტემის ნაწილი ვართ. დღევანდელი პრობლემები, რომლებიც კავშირშია წყლების დაბინძურებასთან, ნიადაგის გამოფიტვასთან, გარეული ცხოველების პოპულაციის შემცირებასთან, ხვალ ისეთ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, როგორიცაა სურსათის ნაკლებობა და სერიოზული დაავადებები. ადამიანი ბუნების შვილია. ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ მას – ჩვენივე კეთილდღეობიდან გამომდინარე.