თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს პრეს-სამსახური.
2017 წელს სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის სექტემბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები.
2017 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა. კერძოდ, გაიზარდა პროდუქციის ექსპორტი შემდეგ სფეროებში: ფეროშენადნობის ექსპორტი 207%-ით, ღვინის ექსპორტი 90%-ით, სპირტიანი სასმელების ექსპორტი 41%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 55%-ით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 149%-ით.
2017 წლის 9 თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7%-ია. აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა და 1 94,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც ეკონომიკის სამინსიტროში აცხადებენ, საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საგარეო მოთხოვნის ზრდასთან.
„საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის სექტემბერში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 25,2%-ით გაიზარდა და 304,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ მომსახურების ექსპორტში არსებული დადებითი ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა", — მიაჩნიათ ეკონომიკის სამინისტროში.
გარდა ამისა, 24,2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 124,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. უწყების ინფორმაციით, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.