თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-17) თბილისში იტალიის ნაკრებთან ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ დასკვნით მატჩში 0:2 წააგო.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. პირველი 32–ე წუთზე, ხოლო მეორე 11–მეტრიანი საჯარიმო დარტყმის შედეგად. გოლების ავტორები არიან დევიდე გისლანდი და ედოარდო ვერჯანი.
მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ჰქონდათ ქართველებსაც და იტალიელებსაც, თუმცა ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მე–13 შესარჩევ ჯგუფში ექვსი ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა, ეს კი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის (U-17) ელიტ–რაუნდში გასვლას ნიშნავს.
ჯგუფში პირველ ადგილზე იტალიელები გავიდნენ, რომელთაც სამივე მატჩი მოიგეს და საკუთარ კარში არცერთი ბურთი არ გაუშვიათ.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ–რაუნდში მონაწილეობას მიიღებს რვა ჯგუფად დაყოფილი 32 ნაკრები.
ელიტ-რაუნდი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, ხოლო ევროპის ჩემპიონატი (U-17), რომელშიც 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, 4-20 მაისს ინგლისში გაიმართება.