თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჭაბუკთა ნაკრებმა (U-17) თბილისში მონტენეგროს ნაკრებს ანგარიშით 2:0 მოუგო, შედეგად ნაკრებს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მონაწილეობა გარანტირებული აქვს.
მასპინძელი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და 28-ე წუთზე ქართული გუნდის კაპიტანმა, ზურიკო დავითაშვილმა 11-მეტრიანი დარტყმა განახორციელა.
ქართული ნაკრების მიერ გატანილ მეორე გოლშიც დავითაშვილი მონაწილეობდა. მან ჩერნოგორიის დაცვის შეცდომით ისარგებლა და პასი გიორგი გულიაშვილს მისცა, რომელმაც ზუსტი გოლი გაიტანა. ეს მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა.
დარჩენილ დროში გიორგი ნემსაძის აღსაზრდელები აღარ რისკავდნენ და მიღებული უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდნენ, რაც მათ გამოუვიდათ კიდეც.
ამგვარად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ექვსი ქულა დააგროვა (შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში ლატვიას ანგარიშით 2:0 მოუგო) და იტალიასთან ერთად, რომელმაც ასევე ორი გამარჯვება მოიპოვა, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში საკუთარი მონაწილეობა გარანტირებული გახადა.
მე-13 ჯგუფის დასკვნით შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები იტალიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე 30 ოქტომბერს გამართავს. გუნდები ჯგუფის პირველ და მეორე ადგილებს გაითამაშებენ.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში მონაწილეობს 13 ჯგუფად დაყოფილი 52 ნაკრები. მატჩები ჯგუფის ერთ-ერთი გუნდის მოედნებზე იმართება. აქედან ელიტ-რაუნდში გადავა თითოეული კვარტეტის ორი უძლიერესი გუნდი და მესამე ადგილის ოთხი მფლობელი, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
ელიტ-რაუნდი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, ხოლო ევროპის ჩემპიონატი (U-17), რომელშიც 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, 4-20 მაისს ინგლისში გაიმართება.