თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოგზაურთა კლუბი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მთავრობის სახელზე შედგენილ პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ, რომელიც ბიომეტრიული პასპორტების ხარისხის გაუმჯებესებას ეხება.
პეტიციაში ნათქვამია, რომ პასპორტი ხშირი გამოყენებისას სწრაფად ცვდება, რის გამოც ის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვლას საჭიროებს, რაც დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან (საზღვარგარეთის პასპორტი — 100 ლარი).
პეტიციის ავტორები მოითხოვენ მფლობელის პირადი მონაცემებისა და ფოტოსურათიანი გვერდის ხარისხის გაუმჯობესებას.
„ელექტრონულ სკანერებში ხშირი გატარების შედეგად იხევა კოდიანი ნაწილი, ხოლო ოდნავ ნოტიო თითით უკანა მხრიდან შეხება იწვევს ფოტოსურათის დაზიანებას", — აღნიშნულია განცხადებაში.
მოგზაურთა კლუბი ასევე მოითხოვს პასპორტის ყდაზე საღებავის ხარისხის გაუმჯობესებას, რადგანაც დოკუმენტის ხშირი გამოყენება საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული სიმბოლიკა და ქვეყნის დასახელება ყდაზე აღარ იკითხებოდეს. პასპორტის ხშირი გამოყენება კი საზღვარგარეთ აუცილებელია — მისი მუდმივად ქონა აუცილებელია.
კიდევ ერთი მოთხოვნა პასპორტის ბუკლეტის გვერდებთან ყდის ბმის გაუმჯობესებაა.
„პასპორტის ხშირი გადაშლა იწვევს პასპორტის „მტვრევას“ [ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით], რაც ხშირ შემთხვევაში ხორციელდება არა მფლობელის, არამედ საკონსულოების, აეროპორტების თანამშრომლებისა და სხვა მესამე პირების მიერ", — ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციაში პეტიციის დასარეგისტრირებლად 5 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.