თბილისი, 29 მარტი — Sputnik. მსოფლიოს უძლიერესი პასპორტების რეიტინგში საქართველომ 103 ქულით 44-ე პოზიცია დაიკავა.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების წყალობით, საქართველომ 2016 წლიდან მაჩვენებელი 15 პოზიციით გაიუმჯობესა. გასულ წელს საქართველო 59 ქულით რეიტინგის 59-ე პოზიციას იკავებდა.
რეიტინგ ს Global Passport Power Rank 2017-ს საფუძვლად დაედო ინფორმაცია ქვეყნების რაოდენობაზე, რომელთა მონახულება დოკუმენტის პატრონს უვიზოდ შეუძლია. ამ ქვეყნების რაოდენობა ქულებით შეფასებას განსაზღვრავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქართული პასპორტით უვიზოდ 57 ქვეყნის მონახულება არის შესაძლებელი.
რეიტინგის ლიდერი, რომლის პასპორტს უდიდესი „ძალა" გააჩნია, არის გერმანია 160 ქულით. მეორე ადგილზეა შვედეთი, რომელმაც 159 ქულა დააგროვა.
დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, სინგაპურმა, ნორვეგიამ და დიდმა ბრიტანეთმა 158 ქულით მესამე ადგილი გაინაწილეს.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთმა 68-ე ადგილი დაიკავა (59 ქულა), აზერბაიჯანმა — 65-ე ადგილი (62 ქულა), უკრაინამ — 49-ე ადგილი (85 ქულა), რუსეთმა და თურქეთმა 104 ქულით 43-ე პოზიცია გაინაწილეს.
ქვეყნების ანალიზი გაეროს სიას ეყრდნობა, რომელშიც შედის 193 სახელმწიფო და ექვსი ტერიტორია (მაკაო, კოსოვო და სხვ.).
ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი 28 მარტს აამოქმედა. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს.