თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. მერაბ მამარდაშვილის ფონდის ხელმძღვანელი და ცნობილი ფილოსოფოსის ქალიშვილი ელენე მამარდაშვილი ორი კვირა საქართველოში მოგზაურობდა და მამის შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის მასალას აგროვებდა.
კინოპროექტი ინიციირებულია მერაბ მამარდაშვილის ფონდის მიერ. მომავალ ფილმში იქნება ინტერვიუები მამარდაშვილის ნათესავებთან, მეგობრებთან და კოლეგებთან და ფილოსოფოსის ორიგინალური ჩანაწერები.
„სექტემბერში მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ფონდიდან საქართველოს ვეწვიეთ. ვიყავით ბაბუის სამშობლოში – ლეჩხუმის სოფელ ოყუშერში. გავიარეთ შიდა ქართლი, სადაც ბებიაჩემი დაიბადა – მერაბის დედა", – განუცხადა მამარდაშვილმა Sputnik–ს.
მისი თქმით, სოფელში დღემდე ცხოვრობენ მამარდაშვილების ნათესავები. მათ შორისაა ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ფილოსოფოსის შესახებ მომავალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. ფილმში ასევე იქნება წარმოდგენილი ლეჩხუმის, იმერეთისა და სვანეთის პანორამები.
„რატომ მოვაწყვე საერთოდ ეს მოგზაურობა? პირველი პასუხი იქნება: „იმიტომ, რომ მიყვარს". მიყვარს საქართველო, ჩემი ნათესავები, მინდოდა მათი ნახვა და იმ ადგილების დათვალიერება, რომელთანაც დაკავშირებულია ჩემი ოჯახი", – აღნიშნა მამარდაშვილმა.
იხილეთ ასევე „ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე">>>
მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მამარდაშვილის ფილოსოფიურმა და საგანმანათლებლო მოღვაწეობამ სსრკ-ში დამოუკიდებელი ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.
მამარდაშვილის ფილოსოფიის საყრდენს წარმოადგენდა ცნობიერების ფენომენი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჩამოყალიბებაში. ის მიიჩნევდა, რომ ნამდვილი ფილოსოფია მიზნად ისახავს ცვალებად სამყაროში ადამიანის მიერ სტაბილურობის მოპოვებას.
დაიბადა გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის Вопросы философии მთავარი რედაქტორის მოადგილეა. მოგვიანებით ამ თანამდებობიდან იდეოლოგიური მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.
1987-1990 წლებში მამარდაშვილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.
გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენით მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების შესახებ კვლევები.
ფილოსოფოსი 1990 წელს ვნუკოვოს აეროპორტის ტერმინალში გულის შეტევით გარდაიცვალა.