პირველების ოჯახს მეათე შვილის დაბადება მინისტრმა და ბიზნესმენებმა მიულოცეს

გამოწერა
ათშვილიან ოჯახს მიკროავტობუსი და საოჯახო ტექნიკა გადაეცა

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხონის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცეს, იუწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდი.

პირველების სოციალურად დაუცველ ოჯახში მე-10 ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა, რის შემდეგაც კერძო კომპანიებმა დევნილების დახმარების სურვილი გამოთქვეს.

საქველმოქმედო ფონდმა „გორმედმა“ პირველების ოჯახს 10 პირზე გათვლილი Fiat-ის მარკის მიკროავტობუსი გადასცა. კომპანია Gulf Georgia-მ დევნილ ოჯახს 1000 ლიტრი საწვავის ვაუჩერი გადასცა, ხოლო კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ გადაწყვეტილებით კი, პირველებს საოჯახო ტექნიკის სრული პაკეტი გადაეცათ. 

მომავალში, კომპანია Gulf-ი დევნილ ოჯახს პირველი სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.

სოზარ სუბარმა კომპანიებს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მალობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ამ ოჯახის სიხარული, გაიზიარა ეს სიხარული, გამოეხმაურა მას. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო რაულ პირველსა და ლია გუგეშაშვილის ოჯახს მეათე შვილის დაბადება“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

სამინისტროს თქმით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხონის ე. წ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, მათ შორის პირველების ოჯახს საკუთრებაში სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები გადაეცა. დაკანონების პროცესის პარალელურად ჩასახლების სრული გაზიფიცირებაც მოხდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0