თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ჭიათურაში, ქალაქის ავტოსადგურის შენობაში, ბიზნესმენ თეიმურაზ გაფრინდაშვილის დაფინანსებით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, იტყობინება ჭიატურის მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდი.
მუნიციპალიტეტის განცხადებით, ცენტრი ჭიათურაში ტურიზმის განვითარებას უზრუნველყოფს და უახლოეს მომავალში მრავალი საინტერესო სერვისის შეთავაზებას გეგმავს. აქ განთავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ, ხოლო დაინტერესებული პირები მოგზაურობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. ასევე იგეგმება საექსკურსიო მარშრუტებში ადგილობრივი საჯარო სკოლების ჩართვა.
„ჭიათურის ტურისტულ პოტენციალს დიდი პერსპექტივა გააჩნია, ამიტომაც ძალზე მისასალმებელია ტურისტული ცენტრის გახსნა. ტურიზმის განვითარება ქალაქის ეკონომიკური წინსვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა უნდა გახდეს და ამას სისტემური ხასიათი მიეცეს. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა იქნება“, — განაცხადა ჭითურის ახლად არჩეულმა მერმა პაატა ნადირაძემ.
საინფორმაციო ცენტრის გახსნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზურაბ კუპატაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი, ბიზნესმენი თეიმურაზ გაფრინდაშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.