თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI და პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, რომლებშიც ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატა.
პარასკევს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას, რომლის ავტორები არიან მემარცხენე რადიკალური პარტია „სახალხო ერთიანობის კანდიდატურა“ (CUP) და კოალიცია „ერთად კისთვის“, მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო, კიდევ ორმა თავი შეიკავა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ, თავის მხრივ, უკვე განაცხადა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო კატალონიაში კანონიერებას აღადგენს.
"მინდა დაგიდასტუროთ ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და თანადგომა ესპანეთის სამეფოს, ცენტრალური ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მიმართ. ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი კავშირები და საერთო ღირებულებები იმ წარმატებული ურთიერთობების მტკიცე საფუძველს, რომლებსაც საქართველო და ესპანეთის სამეფო დღეს ავითარებენ. სწორედ ამიტომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, — ნათქვამია მარგველაშვილის წერილში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მარგველაშვილმა გამოხატა რწმენა, რომ საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპების დაცვისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობით აღნიშნული პრობლემის მოგვარება მოხერხდება.
„ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და ესპანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, — აღნიშნულია წერილში.
კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს გაიმართა. დამოუკიდებლობას ამომრჩეველთა 90,18%-მა დაუჭირა მხარი (43,03%-იანი გამოცხადების პირობებში). ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმს არ აღიარებს.
ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა კონსტიტუციის 155-ე მუხლით ეხელმძღვანელა — კატალონიური მთავრობის (ჟენერალიტეტის) წევრები თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა და ექვსი თვის მანძილზე რეგიონულ პარლამენტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამოეცხადებინა. მანამდე კი კატალონიური მთავრობის ფუნქციებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეასრულებენ. ეს ზომები ესპანეთის სენატმა უნდა დაამტკიცოს.