თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
რეზოლუციას, რომლის ავტორები არიან მემარცხენე რადიკალური პარტია „სახალხო ერთიანობის კანდიდატურა“ (CUP) და კოალიცია „ერთად კისთვის“, მხარი 72-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო, კიდევ ორმა თავი შეიკავა.
ოპოციზიური ფრაქციების დეპუტატებმა დარბაზი სხდომის დაწყებამდე დატოვეს, რადგან კენჭისყრას უკანონოდ მიიჩნევენ.
„კატალონია რესპუბლიკის ფორმის დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება“, — ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ასევე გაცხადებულია „კატალონიური რესპუბლიკის მშენებლობა დამოუკიდებელი, სუვერენული, სამართლებრივი, დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს სახით“.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ, თავის მხრივ, უკვე განაცხადა, რომ სამართლებრივი სახელმწიფო კატალონიაში კანონიერებას აღადგენს.
კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს გაიმართა. დამოუკიდებლობას ამომრჩეველთა 90,18%-მა დაუჭირა მხარი (43,03%-იანი გამოცხადების პირობებში). ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმს არ აღიარებს.
ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა კონსტიტუციის 155-ე მუხლით ეხელმძღვანელა — კატალონიური მთავრობის (ჟენერალიტეტის) წევრები თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა და ექვსი თვის მანძილზე რეგიონულ პარლამენტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა გამოეცხადებინა. მანამდე კი კატალონიური მთავრობის ფუნქციებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეასრულებენ. ეს ზომები ესპანეთის სენატმა უნდა დაამტკიცოს.