თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სამხრეთკორეულმა კომპანიამ მთელი საქართველოს მასშტაბით შიდა გზების რემონტზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
„ჩვენ ვიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს. ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში დეტალურ პროექტებს დადებს“, — ციტირებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის პრესსამსახური.
მისი თქმით, იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი გზების განვითარება, როგორებიც არის: აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა (20 კმ); წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია (20,8 კმ); სადახლო-ახკერპი — საქართველო-სომხეთის საზღვართან (26,2 კმ); საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არხილოსკალო-სამთაწყარო (6 კმ), წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი; გუფთა-ონი (64,2 კმ); თბილისი (პანტიანი)-მანგლისი (32 კმ).
„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გზების განვითარება და რემონტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ რეფორმებს და სამუშაო ადგილების შექმნას, განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართველობის რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობასა და მეტ გამჭვირვალობას.