თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დროული დახმარება აღმოუჩინეს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც პანკისის ხეობაში, რკინის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდიდან გადავარდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა დახმარების შესახებ თხოვნა. შსს-ს მონაცემებით, ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა, დაშავდა და ბევრი სისხლი დაკარგა, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ. თავიდან მამაკაცი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. შემდეგ ის ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.