თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. მაშველები და პოლიციელები ორ ტურისტს — გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარნენ, რომლებიც ზეკარის უღელტეხილზე, ალპურ ზონაში დიდთოვლობისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩნენ, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მასმედიის ინფორმაციით, თავდაპირველად გერმანელი და ქართველი ტურისტი საირმისკენ გაემართნენ, იქიდან გზა აბასთუმნის მიმართულებით გააგრძელეს. თუმცა, უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო გზა ვერ განაგრძეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ცენტრში ინფორმაციის შესვლის შემდეგ, რომ ტურისტებს დახმარება სჭირდებოდათ, ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მაშველები და პოლიციელები. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად შსს-ს წარმომადგენლებმა ტურისტების ადგილსამყოფელი დაადგინეს.
ტურისტების გამოსაყვანად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცტექნიკის გამოყენებით გზა გაასუფთავეს.