თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი, რომელმაც გიორგი მამალაძეს მკვლელოობის მომზადების ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა, დახურული სასამართლო სხდომიდან მოწმეთა ჩვენებების გაჟონვის გამო პროკურატურაში გამოკითხეს, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
გიორგი მამალაძეს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკველობის მომზადებისათვის 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ქართულმა ტელეარხებმა შორენა თეთრუაშვილის, პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის სოსო ოხნაშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისა და თავად მამალაძის ჩვენებების აუდიოჩანაწერები გაავრცელეს. ამასთან დაკავშირფებით პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„მე ოქმები არავისთვის გადამიცია. დახურული სასამართლოს სხდომის ოქმთან წვდომა აქვს მხოლოდ მოსამართლეს, სხდომის მდივანს, ბრალდების და დაცვის მხარეს, ანუ იმ ხალხს, ვისაც ჰქონდა ოქმი გადაცემული… მე დასამალი არაფერი მქონდა პროკურატურისთვის, შეძლებისდაგვარად დავეხმარე ბრალდების მხარეს ჩემი ჩვენებით. მე მივეცი ჩვენება და განვუმარტე, რომ მე არავისთვის გადამიცია“, — განაცხადა ბუგიანიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
ბუგიანიშვილთან ერთად გამოიკითხა სასამართლო სხდომის მდივანი თამარ გაჩეჩილაძეც.
აღნიშნულ საქმეზე უნდა გამოკითხულიყო მამალაძის ექვსივე ადვოკატი, მაგრამ მათ თავიდანვე განაცხადეს, რომ მაგისტრი-მოსამართლის გარეშე გამოძიებას ჩვენებას არ მისცემდნენ, მოგვიანებით კი ჩვენების მიცემაზე საერთოდ უარი განაცხადეს. ეს გადაწყვეტილება მათ იმით ახსნენს, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებენ. იურისტებმა რამდენიმე საკონმდებლო აქტზეც მიუთითეს, რომელთა თანახმად საადვოკატო საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია.
„მიკვირს, დაცვის მხარემ ჩვენება არ მისცა. დაცვის მხარემ ასე განმარტა: „ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ“. დანარჩენი თქვენ მიხვდით, რას ნიშნავს“, — აღნიშნა ბუგიანიშვილმა.
მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.
მამალაძის დაპატიმრება საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა. ყოფილი დეკანოზის ადვოკატები, ასევე საზოგადოების ნაწილი გამოძიების მასალებს არ ენდობიან. იურისტები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.