უცნობი პირი ყოფილ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას ფულს სძალავდა

გამოწერა
მას შემდეგ, რაც უცნობმა პირმა გაარკვია, რომ მალხაზ მამალაძე გიორგი მამალაძის ძმა იყო, მას ფული მოსთხოვა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. უცნობი პირი ფულს სძალავდა მალხაზ მამალაძეს — ყოფილ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკველობის მომზადება ედება ბრალად. ამის თაობაზე თავად დაზარალებულმა განაცხადა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მამალაძეს სექტემბერში 9 წლით პატიმრობა მისაჯა. ის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

„გამთენიისას, სადღაც დილის ექვსის ნახევარზე, როდესაც მეძინა, ვიღაცამ კარზე დააკაკუნა და მკითხა, ვიყავი თუ არა მამალაძის ძმა, შემდეგ ხელზე ხელი მომკიდა და ფული მომთხოვა. მე ხელი ვკარი, სახლიდან გამოვვარდი და პოლიციაში დავრეკე", — განაცხადა მალხაზ მამალაძემ.

მისი სიტყვებით, უცნობმა პირმა კონკრეტული თანხა არ დაასახელა. საქართველოს შსს-ს მომხდარ ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვის ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

რამდენიმე კვირის წინ ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს თავად მამალაძის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, მისი უწმინდესობის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილისა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ჩვენებების აუდიოჩანაწერები.

პროკურატურამ მოწმეთა ჩვენებების გაჟონვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა „გამოძიების მონაცემების გასაჯაროების" მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0