თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ისლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ბიორკი საქართველოს დედაქალაქს გამთენიისას ეწვია, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
ცნობილი შემსრულებელი, სავარაუდოდ, სასტუმრო Rooms Tbilis-ში დაბინავდა.
ბიორკმა ისურვა, რომ კონტრაქტში გაწერილი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულების გარდა, საქართველოში მისი კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული.
გარდა ამისა, სცენაზე ბიორკთან ერთად ისლანდიაში ცნობილი ახალგაზრდა დირიჟორი ბარნ ფრიმან ბარნასონი წარდგება. სწორედ ბარნასონის დირიჟორობით დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
ბიორკის პირველი კონცერტი 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება, ხოლო მეორე — 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. ბიორკი საქართველოში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის SOU ფარგლებში გამოვა.
ბიორკის თბილისურ კონცერტებზე ბილეთები 25 ქვეყნის ფანებმა შეიძინეს — საქართველოსთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია.
კონცერეტბის ორგანიზატორების განცხადებით, ბიორკი ძალიან დაინტერესებულია საქართველოთი, მისი კულტურითა და მუსიკით. ამიტომ მომღერალი თავისი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის — კახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიისა და აჭარის მონახულებას გეგმავს.
ბიორკი შეასრულებს კომპოზიციებს ალბომიდან Vulnicura.
Vulnicura — ისლანდიელი მომღერლის მეცხრე სტუდიური ალბომია, რომელიც 2015 წლის 20 იანვარს გამოვიდა. ალბომი ეძღვნება გრძნობებსა და განცდებს, რომლებსაც ბიორკი მხატვარ მეთიუ ბარნისთან დაშორებისას გრძნობდა. ალბომის შექმნაში ასევე მონაწილეობდნენ The Haxan Cloak და Arca, რომლებიც მანანდე ისეთ შემსრულებლებთან მუშაობდნენ, როგორებიც იყვნენ FKA twigs და Kanye West. ალბომის მუსიკა სიმებიანი ინსტრუმენტების და ელექტრონიკის სინთეზს წარმოადგენს.
ბიორკი — ბიორკ გუდმუნდსდოტირი (Björk Guðmundsdóttir) 1965 წლის 21 ნოემბერს რეიკიავიკში დაიბადა. ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე დაკვრას, ვოკალს. მისმა ხმამ ყურადღება მიიქცია და რადიოში ჩასაწერად მიიწვიეს. 1977 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი, რომლის დიდ ნაწილს პოპულარული ჰიტებისა და ფოლკლორული სიმღერების ქავერ-ვერსიები შეადგენდა. ისლანდიაში მას „პლატინის ალბომის“ სტატუსი მიენიჭა.
1986 წელს ჩამოყალიბდა ჯგუფი The Sugarcubes, რომელმაც მომღერალს სამშობლოს საზღვრებს გარეთ პოპულარობა მოუტანა.
1993 წელს ჯგუფი დაიშალა. ბიორკი ლონდონში გადავიდა. იქ გაიცნო პროდიუსერი ნელი ჰუპერი და მასთან თანამშრომლობით გამოუშვა სოლო ალბომი Debut. ალბომს მსოფლიო წარმატება ჰქონდა. ამის შემდეგ გამოვიდა მისი სტუდიური ალბომები Homogenic (1997), Vespertine (2001), Medulla (2004), Volta (2007), Biophilia (2011), Vulnicura (2015).
ბიორკის შემოქმედება მრავალ ჟანრსა და სტილს განეკუთვნება. მათ შორისაა ალტერნატიული როკი, ელექტრონიკა, ინდი-პოპი, ტრიპ-ჰოპი, modern classic, IDM.
ბიორკი ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი. 1999 წელს რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა გადაიღო მთავარ როლში ფილმში „სიბნელეში მოცეკვავე". ასევე მომღერალმა დაწერა ფილმისთვის მუსიკა. 2000 წელს კანის ფესტივალზე ფილმმა მთავარი ჯილდო „ოქროს პალმის რტო" მიიღო. ბიორკმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ბიორკის შემოქმედება მრავალი ჯილდოთია აღნიშნული. მათ შორისაა BRIT Awards-ის ოთხი პრემია (1994 — ორი, 1996, 1998), MTV Europe Music Awards-ის პრემია (1995), MTV Video Music Awards-ის ოთხი ჯილდო (1996, 1998, 2000 — ორი), AIM Independent Music Awards (2011), Annie Awards (1997), Polar Music Prize (2010) და სხვა.
ჟურნალმა Time 2015 წელს ბიორკი შეიყვანა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაში, კატეგორიაში „კერპები".