თბილისი, 7 აგვისტო— Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ბრიტანელმა მევიოლინემ და სინგაპურელი წარმოშობის კომპოზიტორმა ვანესა მეიმ ქართველი მსმენელისათვის ორსაათიანი პროგრამა შეასრულა.
ვანესა მეის გამოსვლა ურეკში ახალი საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს სცენაზე შედგა. მეის კონცერტს ათი ათასამდე მაყურებელი ესწრებოდა. მათ შორის იყო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.
ქართულ სცენაზე ცნობილმა მევიოლინემ თავიდან სტანდარტული საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამა დაუკრა. მაგრამ მაყურებელმა ასე ადვილად არ გაუშვა სცენიდან, ვანესა დაბრუნდა და კიდევ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. ამის შემდეგ მევიოლინე მაყურებელთან დარბაზში გავიდა.
საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს მენეჯერმა დიმიტრი ბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვანესა მეის შოუ ყველა მნიშვნელობით შედგა.
„ფაქტია, რომ მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა. ყველა ბილეთი გაიყიდა. ვანესაც მაყურებლის კმაყოფილი დარჩა.მიუხედავად იმისა, რომ მან დაგეგმილ სცენარს გადაუხვია და მაყურებელთან დარბაზში გავიდა, რითაც დაცვის სამსახურს საკმაო პრობლემები შეუქმნა, საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივიდა“,-აღნიშნა ბერიძემ.
ვანესა მეიმ დაასრულა თავისი გამოსვლა და მასმედიის წარმომადგენლებთან არანაირი კომენტარი არ გააკეთა. თუმცა, როგორც გახდა ცნობილი, მევიოლინემ გადაწყვიტა 8 აგვისტომდე ბათუმში დარჩეს, რათა უფრო ახლოს გაიცნოს ქალაქი, მისი კულტურა, ღირსშესანიშნაობები და ტრადიციები.
აღსანიშნავია, რომ ვანესა მეის კონცერტამდე ერთი კვირით ადრე 30 ივლისს იმავე სცენაზე ცნობილი ამერიკელი მომღერალი ქრისტინა აგილერა გამოვიდა.
სწორედ მისი გამოსვლით ოფიციალურად გაიხსნა საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena. ამავე სცენაზე 13 აგვისტოს დაგეგმილია ქართული ანსამბლის „ერისიონის“ გამოსვლა, 20 აგვისტოს კი ლეგენდარული გერმანული როკ-ჯგუფის Scorpions-ის კონცერტი.
Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ ააშენა და 2016 წლის 10 ივლისს საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა.
საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელსაც კონცერტებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ბილეთების გაყიდვით შემოსული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.
ფონდ „ქართუმ“ საკონცერტო დარბაზის მშენებლობაში 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, პროექტი ფონდს 110-115 მილიონი ლარი დაუჯდა.
ვანესა მეი კლასიკური კომპოზიციების ტექნო-დამუშავებით არის ცნობილი. დედით ჩინელი, მამით ტაილანდელია. მშობლების განქორწინების შემდეგ ოთხი წლის ასაკში ვანესა საცხოვრებლად სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში გადავიდა.
მეი ოთხი წლიდან თხილამურებძე დგას და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის 2013 წლის ღია ჩემპიონატზე და 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სოჭში ტაილანდის ნაკრების შემადგენლობაში გამოვიდა.