თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით 28-29 ოქტომბერს, 13:00-დან 22:00 სთ-მდე, სამეწარმეო მარკეტი გაიმართება, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.
ღონისძიება თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეიდანზე უკვე დაიწყო.
ღონისძიების მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.
„გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა — სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან", — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული ღონისძიება მეორედ გაიმართება. ღონისძიება სადღესასწაულო ფორმატში წარიმართებაა, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მეტი ინფორმაცია მიიღონ სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ.
„ვაპირებთ, რომ აუცილებლად გავაგრძელოთ საკვირაო მარკეტები. ეს ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. ეს დამწყები მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მუდმივად არის ჩვენთან მომართვიანობა და ყველა ახალ მარკეტზე ვცდილობთ, რომ ახალი ბენეფიციარები მოვიყვანოთ და, საქართველოს მასშტაბით, მაქსიმალურად ყველას შევუწყოთ ხელი, რათა მოახდინონ პროდუქციის პოპულარიზაცია", — განაცხადა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.
აღნიშნული ღონისძიება პირველად სექტემბრის თვის ბოლოს ჩატარდა. ღონისძიებამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მეწარმეების მხრიდან ინტერსიც საკმაოდ გაიზარდა.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში" პერმანენტულად აპირებს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას, რომ ხელი შეუწყოს ქართველი დამწყები მეწარმეების პროდუქციის რეალიზაციას.