თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის ორ საარჩევნო უბანზე მიღებული ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით ორმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ — „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ" და "დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალმა საქართველომ" თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
ორივე პარტიამ არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ განცხადება კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა. ამ მონაცემების თანახმად, 4%-იანი ბარიერის პირობებში თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სისტემით „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ხმების 3,9% აიღო, „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალმა საქართველომ" – 3,18%.
ისნის №5 საარჩევნო ოლქის №38 საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლის მოთხოვნით „ლეიბორისტული პარტიის" ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
„არჩევნების დღეს №5 საარჩევნო ოლქში ე.წ. კარუსელი დატრიალდა. ჩვენმა დამკვირვებელმა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერა, თუმცა თავმჯდომარემ თავიდან არ მიიღო საჩივარი. მოგვიანებით, ცესკოს განკარგულებით, მას აიძულეს საჩივრის მიღება, რის შემდეგაც თავმჯდომარემ ჩვენი დამკვირვებელი გამოაძევა. ჩვენ ხმების გადათვლას და თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ვითხოვთ", — განაცხადა ცუცქირიძემ.
„დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო" ხმების გადათვლას მთაწმინდაზე, №1 საარჩევნო ოლქის №13 უბანზე მოითხოვს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, რამდენადაც ამ უბანზე ჩვენ ნული ხმა მივიღეთ და როდესაც გადათვლა მოვითხოვეთ, უარი გვითხრეს", — განაცხადა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძემ შსს-ს მიმართა, რის შემდეგაც საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში საპატრულო პოლიცია მივიდა და სადავო უბანზე ბიულეტენები დალუქა.
პოლიციაში მან ასევე შეიტანა საჩივარი არჩევნების შედეგების გაყალბების შესაძლო ფაქტის გამოძიების მოთხოვნით.
საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა, რომელზეც მოსახლეობამ 64 ქალაქისა და რაიონის მერები და დეპუტატები აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, 4%-იანი ბარიერი 27 პოლიტიკური ძალიდან მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო — მოძრაობა საქართველოსთვის" და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".