თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქალებს, რომლებიც მოზარდობისას ან საშუალო ასაკში ძალიან გამხდრები იყვნენ, ნაადრევი მენოპაუზის მაღალი რისკი აქვთ, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერები.
ეს კვლევები გამოქვეყნდა ჟურნალში Human Reproduction, ასევე განთავსდა გლობალური ახალი ამბების პორტალზე EurekAlert!
ძლიერ სიგამხდრესა და მენოპაუზის დადგომას შორის ურთიერთკავშირის გამოსავლენად მკვლევარები 25-42 წლის 80 ათასამდე ქალის მონაცემებს 20 წელზე მეტხანს აანალიზებდნენ.
შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თითქმის 3 ათას ქალს, რომლებიც ძალიან გამხდრები იყვნენ, მენოპაუზა ნაადრევად დაეწყოთ.
ის ქალები, რომელთაც ზედმეტი სიგამხდრე არ ჰქონიათ, მენოპაუზის სტანდარტულ ჩარჩოებში დარჩნენ — 45-55 წელი. ხანდახან მენოპაუზა უფრო ადრეც დგება — 40-45 წლის ასაკში. ამ დროს წყდება მენსტრუაცია და ქალი ვეღარ ფეხმძიმდება.